ორი ინფორმირებული წყაროს ცნობით, რუსეთის სახელმწიფო განვითარების ბანკმა VEB-მა ქვეყნის მთავარი ეკონომისტი, ანდრეი კლეპაჩი, თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდა განცხადებები, რომლებშიც კლეპაჩი ამბობდა, რომ უკრაინაში ომი რუსეთის ეკონომიკას სულ უფრო დიდ ზიანს აყენებს, ხოლო ქვეყანა დასავლეთსა და ჩინეთს ჩამორჩება.
"ჩვენ ჩამოვრჩებით. მსოფლიოში ჩვენ როგორც ტექნოლოგიურ, ისე ეკონომიკურ კონკურენციაში ვაგებთ და არა მხოლოდ ჩინეთთან და აშშ-სთან ვაგებთ, არამედ – გარკვეულწილად უკრაინასთანაც." – თქვამან.
რუსულმა სამთავრობო მედიამ 16 აგვისტოს დაადასტურა, რომ კლეპაჩი "VEB-ში მთავარი ეკონომისტის პოზიციას აღარ იკავებს," თუმცა, გამოცემას რუსეთის უდიდესი ბანკიდან მისი გათავისუფლების მიზეზი არ დაუკონკრეტებია.
კლეპაჩის გათავისუფლებამდე ორი დღით ადრე დამოუკიდებელმა გამოცემა Moscow Times-მა მაისში გამართულ ფორუმზე კლეპაჩის მიერ წარმოთქმული სიტყვიდან მონაკვეთები გამოაქვეყნა.
გამოცემის მიხედვით, ნიკიტსკის კლუბში სიტყვით გამოსვლისას, რასაც ეკონომისტები და აკადემიკოსები ესწრებოდნენ, კლეპაჩმა განაცხადა, რომ რუსეთი "გლობალურად როგორც ტექნოლოგიურ, ისე ეკონომიკურ კონკურენციას აგებს". მანვე აღნიშნა, რომ რუსეთი დაუძლურებაზე ომს ვერ მოიგებს მაშინ, როცა უკრაინას დასავლეთის ფინანსური მხარდაჭერა აქვს. "თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ სოციალური კრიზისის წინაშე აღმოვჩნდებით." – თქვა კლეპაჩმა ერთ მომენტში.
"დაუძლურებაზე ომში ჩვენ ამ კონკურენციაში ვერ გავიმარჯვებთ. გვაქვს ილუზია, რომ იქ [უკრაინაში] ყველაფერი ჩამოიშლება. არ ჩამოშლილა და არც ჩამოიშლება. ჩვენი ხარჯები იზრდება." – განმარტა რუსმა ეკონომისტმა.
სიტყვით გამოსვლისას კლეპაჩმა იმ ფაქტსაც გაუსვა ხაზი, რომ უკრაინაში ომი "დიდ სამამულო ომზე" მეტხანს გაგრძელდა და ჯერ კიდევ არ ჩანს დასასრული. მანვე განაცხადა, რომ რუსულ ინფრასტრუქტურაზე უკრაინის იერიშები, დასავლეთის სანქციები და ქვეყნის შიგნით მაღალი საპროცენტო განაკვეთი რუსეთის ეკონომიკას აფერხებს.
"ეკონომიკურად ჩვენ არ ჩამოვიშლებით, მაგრამ ჩამორჩენა გაიზრდება, ყველა შესაძლო შედეგით," – აღნიშნა კლეპაჩმა და დაამატა, რომ სოციალური კრიზისი შესაძლოა, ზუსტად მაშინ გაჩნდეს, "როცა ამას განსაკუთრებით არავინ მოელის."