აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი ანგარიშის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც შესაძლოა ჩინური საქონლის აშშ-ში ტარიფებისგან თავის არიდების მიზნით ტრანზიტის გზად გამოიყენებოდეს.

25-გვერდიან ანგარიშში, სახელწოდებით „დიდი სატრანზიტო თაღლითობა“ (The Great Transshipment Scam), საუბარია სქემაზე, რომლის დროსაც ჩინური პროდუქცია მესამე ქვეყანაში ხვდება, იქ მისი წარმომავლობა იცვლება ან პროდუქტი მცირე დამუშავებას გადის და შემდეგ აშშ-ში შედის, რითაც ჩინეთზე დაწესებული მაღალი ტარიფის თავიდან აცილება ხდება.

ანგარიში საქართველოს „მცირე მასშტაბის, შემთხვევით/ეპიზოდურ სამიზნეებს“ მიაკუთვნებს. ამავე კატეგორიაში არიან აზერბაიჯანი, ყაზახეთი და უზბეკეთი.

დოკუმენტის მიხედვით, „აზერბაიჯანი და საქართველო უზრუნველყოფენ სარკინიგზო და მშრალი პორტების გავლით ტვირთების ტრანზიტს, კონსოლიდაციას და სახმელეთო მარშრუტების საზღვაო გზებთან დაკავშირებას“. ანგარიშის შესაბამის სქემაში საქართველო „სარტყლისა და გზის“ სახმელეთო კვანძადაა წარმოდგენილი.

ანგარიში თეთრი სახლის სავაჭრო და საწარმოო პოლიტიკის სამსახურმა 13 აგვისტოს გამოაქვეყნა და ჩინური საქონლის მესამე ქვეყნების გავლით აშშ-ში მოხვედრის მასშტაბებზე ამახვილებს ყურადღებას.