საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ბექა დავითულიანის განცხადებით, რომ არა სებ-ში გასულ კვირას შექმნილი ვითარება, პარლამენტი შეუთანხმებელ კანდიდატებს სებ-ის საბჭოს წევრებად დანიშვნას მხარს არ დაუჭერდა და სებ-ის საბჭოში პრეზიდენტის მიერ უმრავლესობასთან შეუთანხმებელი კანდიდატების მხარდაჭერა ეროვნულ ბანკში კრიზისის არიდებას ემსახურებოდა.
„პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს კანდიდატები შეუთანხმებლად წარმოადგინა. ჩვენ არ ვიცოდით ვინ წარმოადგენდა მან. მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის არავითარი მოლაპარაკება და შეთანხმება არ ყოფილა, შესაბამისად ნებისმიერ კანდიდატს, რომელიც შეუთანხმებლად იქნებოდა წარმოდგენილი, ჩვენ მხარს არ დავუჭერდით. მაგრამ სიტუაცია შემდეგნაირად განვითარდა: სებ-ში ისეთი დეტონაცია მოხდა, რომელმაც კრიზისი გამოიწვია. ამიტომ ნებისმიერი საბჭოს წევრი, რომელიც პრეზიდენტის მხრიდან იყო წარმოდგენილი, საჭირო გახდა იქ ამ კრიზისის აღმოსაფხვრელად და ჩვენ მხარი დავუჭირეთ“, - განაცხადა დავითულიანმა.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის გარეშე სებ-ში კრიზისი ბევრად ღრმა იქნებოდა, ვიდრე დღეს არის.
„ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ამ ორი ადამიანის (ნანა ყეინიშვილი, თეიმურაზ ხომერიკი) გარეშე სებ-ში კრიზისი ბევრად ღრმა იქნებოდა, ვიდრე დღეს არის. რაც ქვეყნის საფინანსო საბიუჯეტო სისტემაზე ცუდ გავლენას მოახდენდა“.