საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში სახელმწიფო პროგრამების მთავარი ბენეფიციარი მსხვილი ბიზნესი უნდა იყოს, რადგან 5 ჰექტარზე მცირე მეურნეობების მოსავლიანობა და შედეგები გაწეული სახელმწიფო სუბსიდიების და კრედიტების თანადაფინანსების მიუხედავად მცირეა, რაც პირველ რიგში მასშტაბის ეკონომიის ნაკლებობას უკავშირდება. ამის შესახებ მან Galt & Taggart-ის მიერ სოფლის მეურნეობის ინდექსის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
"მე ღრმად ვარ ჩართული სოფლის მეურნეობის ბევრ დარგში, ბევრი მიმართულებით ვმუშაობ უკვე ჩემი ინვესტიციები განხორციელებული მაქვს. ჩემთვის ძირითადად არ იყო ახალი არაფერი, ვიცი ეს სიტუაცია, უბრალოდ კარგია, რომ ფართო საზოგადოება გაეცნო ამას, მოწოდებაც არის ინვესტიციებისკენ და ასევე ის, რომ მსხვილი ბიზნესი უნდა დაფინანსდეს ამ ქვეყანაში, რომ წვრილი მეურნეობების დაფინანსებით და პატარა ფართობის მიწების დაფინანსებით ძალიან დაბალია შედეგი, 5-6-ჯერ ჩამოუვარდება 5 ჰექტარიანი მიწაზე მოსავლიანობა ვიდრე დიდ ფართობზე. ეს აშკარაა, შეუძლებელია, რომ გლეხმა ჩადოს ამხელა ინვესტიციები და ასეთი პროდუქტიულობას მიაღწიოს. თუმცა არც ის უნდა არ მოისპოს ქვეყანაში და უნდა იყოს საშუალება, რომ ორგანული პროდუქტები აწარმოონ და ეს ნიშაც, ვფიქრობ, ჩვენი წყლის სიუხვის გამო ამ ქვეყანაში არ უნდა დავკარგოთ და გვქონდეს", - აღნიშნავს ლაშა პაპაშვილი.
Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ პრეზენტაციას მსხვილ ბიზნესთან ერთად საქართველოს მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კი განაცხადა, რომ სოფლის განვითარების სააგენტოში პროგრამების მოდერნიზაცია ფაქტობრივად დასრულდა, რაც საზოგადოებას და ბიზნესს წარედგინება.
"ფაქტობრივად, მთელი წლის განმავლობაში სოფლის განვითარების სააგენტომ აქტიურად იმუშავა იმისთვის, რომ სწორად ყოფილიყო შეფასებული სექტორი, რომლის მიხედვითაც მოხდა ადაპტირება“, - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ პროგრამის დეტალები მის პრეზენტაციაზე გაცხადდება.
მისივე თქმით, ახალი გამოწვევებიდან გამომდინარე, სააგენტოს პროგრამები მოდერნიზდა და ისინი უკვე ახალ პრიორიტეტებსა და მიმართულებებზე იქნება მორგებული. სონღულაშვილის განმარტებით, განახლებული პროგრამები უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ფერმერებსა და მომხმარებლებზე და მიზნად სოფლის მეურნეობის პრიორიტეტული დარგების განვითარებას ისახავს.
“შეიძლება ვთქვათ, რომ ფაქტობრივად სოფლის განვითარების ერთი ეტაპი დასრულდა, სადაც სოფლის განვითარების სააგენტომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და დღეს უკვე, ახალი გამოწვევებიდან გამომდინარე, შეიქმნა და მოდერნიზებულია თითოეული პროგრამა, რომელიც თავისთავად ცხადია, დღეს უკვე იმ ახალ პრიორიტეტებს განსაზღვრავს და იმ ახალი მიმართულებით იქნება...განახლებული პროგრამები პირდაპირ ფერმერებსა და მომხმარებლებზე იქნება ორიენტირებული, მხარს უჭერს სოფლის მეურნეობის ისეთ დარგებს, რომლებიც განსაკუთრებით გამოიკვეთა ბოლო პერიოდში, და მოიცავს ყველა საჭირო მექანიზმს სექტორის განვითარებისთვის", - თქვა დავით სონღულაშვილმა.