აშშ-ში ბაზირებული მსხვილი იურიდიული ფირმა Baker McKenzie-ს კაპიტალის ბაზრების მიმართულების ხელმძღვანელი ადამ ფარლოუ საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების პოტენციალს აფასებს. როგორც მან bmg-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ქართული ბანკების მაგალითზე, კომპანიების საერთაშორისო ბირჟებზე მყარი პოზიციონირება კვლავ გაგრძელდება, თუმცა არსებობს გეოპოლოტიკური რისკები.

"დავიწყოთ პოზიტივით: მას შემდეგ, რაც ქართულმა კომპანიებმა და განსაკუთრებით ქართულმა ბანკებმა დაიწყეს ლონდონში კვოტირება (ათ წელზე ცოტა მეტი ხნის წინ), ჩვენ ვნახეთ დიდი ზრდა ქართული კომპანიების მხრიდან, რომლებიც ან ლონდონის საფონდო ბირჟაზე გადიოდნენ, ან იზიდავდნენ სასესხო კაპიტალს ობლიგაციების მეშვეობით. ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. რაც შეეხება გამოწვევებს, ისინი ყველგან ერთნაირია და მათი უმეტესობა გეოპოლიტიკურია.

მაგალითად, მხოლოდ გასული კვირის ან თუნდაც ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ რამდენიმე გარიგება, რომელიც შეჩერდა ან შეფერხდა ირანში მომხდარი დაბომბვების გამო. ეს გავლენას ახდენს კაპიტალის ხელმისაწვდომობაზე და იმაზე, სურთ თუ არა ინვესტორებს მეტი თუ ნაკლები რისკის აღება; დააბანდონ თანხა, მაგალითად, აქციებში თუ ობლიგაციებში, თუ გადავიდნენ ისეთ საქონელზე, როგორიცაა ოქრო. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კაპიტალმა იპოვოს თავისი ადგილი და დაეხმაროს კომპანიებს ზრდაში", - განაცხადა ადამ ფარლოუმ.

ამის შესახებ ადამ ფარლოუმ კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც თიბისი კაპიტალის საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით იმართება. როგორც Baker McKenzie-ს კაპიტალის ბაზრების მიმართულების ხელმძღვანელმა აღნიშნა, კონფერენციის ნაწილი სწორედ საერთაშორისო ბირჟებზე ობლიგაციების პირველადი განთავსების საკითხს დაეთმობა.

"ჩვენ ძალიან ამაყები ვართ ამ ღონისძიებასთან პარტნიორობით. ვფიქრობთ, გადამწყვეტია საქართველოში არსებული ძირითადი დაინტერესებული მხარეების დაკავშირება საერთაშორისო საზოგადოებასთან, განსაკუთრებით კი საერთაშორისო საინვესტიციო წრეებთან.

კაპიტალის ფორმირების სხვადასხვა საკითხებს შორის, მე განსაკუთრებით ვისაუბრებ IPO-ებზე (აქციების საჯარო შეთავაზება) ისეთი განვითარებადი ბაზრების კომპანიებიდან, როგორიც საქართველოა, და მათ ლისტინგზე საზღვარგარეთ", - ამბობს ადამ ფარლოუ bmg-სთან.

ვრცლად: bm.ge