ეკონომისტები ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის შედეგად ინფლაციის დაჩქარებას ელიან.
როგორც BMG-სთან ეკონომისტი პაატა ბაირახტარი აცხადებს, ერთი მხრივ, მოსახლეობისთვის დენის ტარიფის ზრდა პირდაპირ აისახება ინფლაციის მაჩვენებელში, მეორე მხრივ, კი ბიზნესისთვის ელექტროენერგიის გაძვირება არაერთ პროდუქციაზე ფასის ზრდას ნიშნავს. მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ ყველაზე მეტად დენზე ფასის ზრდა სურსათის ფასებში აისახება.
“ელექტროენერგიის ტარიფები ინფლაციაზე ნებისმიერ შემთხვევაში აისახება. ერთი რომ ფიზიკურ პირებზე ტარიფის ზრდა პირდაპირ ითარგმნება ხოლმე ინფლაციურ პროცესებზე, ხოლო მეორეს მხრივ იურიდიული პირებისთვის ელექტროენერგიის ან რომელიმე სხვა ენერგომატარებლების ტარიფების ზრდა ირიბად ნიშნავს სხვადასხვა პროდუქციისა და მომსახურების ფასების ზრდას გარკვეული პროცენტული დონით. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ ამას ინფლაციაზე ზეგავლენა ექნება.
ერთადერთი, რაც ამ მიმართულებით შეგვიძლია ვთქვათ, გახლავთ ის, რომ მოულოდნელი, როგორც მინიმუმ, ეს [დენის გაძვირება] არავისთვის არ იყო, ყოველ შემთხვევაში იმ ადამიანებისთვის, ვინც თვალს ადევნებს ამ პროცესებს. ამ შიდა ფაქტორის გარდა ინფლაციურ პროცესებს წაახალისებს ის ეგზოგენური შოკებიც, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ სწრაფად ფორმირდება საერთაშორისო ბაზრებზე.
ჩვენთვის განსაკუთრებით მტკივნეული არის ხოლმე სხვადასხვა ისეთ სპეციფიკურ ქვეჯგუფებში ფასების დონის ზრდა, როგორიც არის უალკოჰოლო სასმელები და სურსათი. ამ ქვეჯგუფში ორივე მიმართულებით, როგორც სამომხმარებლო, ისე იურიდიული პირებისთვის ელექტროენერგიის ფასების ზრდა მნიშვნელოვანწილად ააჩქარებს ამ ქვეჯგუფის ფასების ზრდას. ერთის მხრივ, ფიზიკური პირები, რომლებსაც გაეზარდათ ელექტროენერგიის ტარიფი, ეს ნიშნავს იმას, რომ მათი განკარგვადი შემოსავლები შემცირდება და სხვადასხვა მიმართულებით მათ უფრო ნაკლების დახარჯვის საშუალება ექნებათ, ხოლო მეორეს მხრივ, იურიდიულ პირებზე როდესაც ვსაუბრობთ, კომპანიები ენერგომატარებლების ფასების ზრდას, ასახავენ, რა თქმა უნდა, თავიანთი პროდუქციისა და მომსახურების ფასებში. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფლაცია ისეთი დონით აჩქარდება, რომ ეს შესამჩნევი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის”, - განაცხადა პაატა ბაირახტარმა.
ცნობისთვის, სემეკმა ელექტროენერგიის ახალი ტარიფები დაადგინა. შედეგად, 1 აპრილიდან ელექტროენერგია გაძვირდება ყველა ტიპის მომხმარებლისთვის: როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციული სექტორისთვის. თბილისსა და რეგიონებში საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფი 5 თეთრით იზრდება, ხოლო საწარმოებისთვის 4-6 თეთრით.