მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ჯანდაცვის სექტორის ხელმძღვანელს, რეკა მენონსა და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და მოსახლეობისათვის მისი ხელმისაწვდომობის ზრდაზე.

საუბარი შეეხო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დადგენის მექანიზმსა და შესაბამისი კომისიის საქმიანობას, რომელიც, როგორც ეფექტიანი და სისტემური რეგულირების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, დადებითად შეფასდა. აღინიშნა, რომ მექანიზმი ხელს უწყობს ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობას, სამართლიანი ფასების ფორმირებასა და პაციენტების ინტერესების დაცვას.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ადამიანური კაპიტალის განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როგორც ქვეყნის გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორს.

აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას სხვადასხვა სექტორში მიმდინარე რეფორმებისა და განვითარების პროცესში.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს