საბანკო ასოციაციაში მოლოდინი აქვთ, რომ მიმდინარე წელს სექტორში საკრედიტო აქტივობა ორნიშნა ნიშნულზე შენარჩუნდება.

როგორც BMG-სთან ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, წლის დასაწყისში დაკრედიტების შედარებით გააქტიურება ბიზნესსექტორში მოლოდინების დასტაბილურებას უკავშირდება. ძნელაძე ასევე აღნიშნავს, რომ კორპორაციული სესხებისგან განსხვავებით, შედარებით ნაკლები აქტივობა ფიქსირდება მცირე და საშუალო ბიზნეს სესხების სეგმენტში.

თუმცა დადებითი ტენდენციების მიუხედავად, ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ ბაზარზე კვლავ არაერთი გამოწვევაა, მათ შორის ჯერჯერობით უცნობია, როგორ აისახება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი რეგიონსა და საქართველოზე.

“საბანკო სექტორში ორნიშნა ზრდის ტემპია, ეკონომიკური ზრდის ტემპიც 8.4% დაფიქსირდა, რაც ასევე ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა. საბანკო სექტორი და რეალური ეკონომიკა აგრძელებს ზრდას და მოლოდინია, რომ წლის ბოლომდე ეს ზრდის ტემპი შენარჩუნებული იქნება.

რაც შეეხება კონკრეტულ სექტორებს, კვლავინდებურად რითეილი და კორპორაციული სესხების ზრდის ტემპი ნარჩუნდება მაღალ დონეზე. მცირე და საშუალო ბიზნესის სესხების ზრდის ტემპი ნორმალურად არის, მაგრამ მაინც შედარებით ნაკლებია, ვიდრე კორპორაციული და ფიზიკური პირების დაკრედიტება.

გარდამავალ პერიოდს დავარქმევდი ალბათ წინა პერიოდს, როდესაც უფრო შენელებული იყო [დაკრედიტების] ტემპი. შენელებულ ტემპზე როდესაც ვსაუბრობთ, რეგიონს და ევროკავშირის ქვეყნებს უნდა შევადაროთ, სადაც ასევე მაღალი იყო შარშანდელი ზრდის ტემპიც. აქედან გამომდინარე, შენელებას რომ ვამბობთ, ჩვენსავე წინა პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით შენელებაზე გვაქვს საუბარი და არა ზოგადად მსოფლიო მაჩვენებლებთან მიმართებაში შენელებაზე.

გასული წელი მეტ-ნაკლებად მაინც უფრო გადაწყობა-შეგუების პროცესი იყო იმ მოვლენებთან დაკავშირებით რაც ხდებოდა და ხდება. წლევანდელ წელს ბევრად უფრო მეტი რესურსია, მეტი შესაძლებლობებია, როგორც იცით, ყოველდღიურად ახალ-ახალი კარგი მაჩვენებლები გამოდის როგორც პროგნოზების კუთხით, ასევე რეიტინგების და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გადახედვის კუთხით, რაც ასევე ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა.

ასე აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით არ ვიცით, რა ეფექტი ექნება ირანის კონფლიქტს რეგიონთან მიმართებაში, იქნება ეს დადებითი თუ უარყოფითი ეფექტი. ამას ჯერჯერობით თვალყურს ვადევნებთ.

[წელს] ორნიშნა ზრდის ტემპზე ცალსახად არის ორიენტირი გაკეთებული, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, პანდემიის შემდეგ არ დამთავრებულა გამოწვევები და ეს გამოწვევები რეალურ რეჟიმში ხშირ შემთხვევაში არ იძლევა პროგნოზირების საშუალებას. ან იძლევა საშუალებას, რომ უფრო მოკრძალებული პროგნოზები ვაკეთოთ, ვიდრე რეალურად უფრო თამამად ვისაუბროთ ხოლმე შემდეგ პერიოდზე”, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

ცნობისთვის, თებერვალში საბანკო სექტორის პორტფელი 14.2%-ით, 71 მლრდ ლარამდე გაიზარდა. მათ შორის, 4.4 მილიარდი ლარით, ანუ 11%-ით 43 მილიარდ ლარამდე იყო გაზრდილი ბიზნესსესხების მოცულობა.

bm.ge