მარსზე, ერთ დროს წყლით დატბორილ რეგიონში დიდი ოდენობით ნიკელი აღმოაჩინეს, რაც კიდევ ერთი მინიშნებაა იმისა, რომ ერთ დროს წითელ პლანეტაზე შეიძლება სიცოცხლისთვის ხელსაყრელი გარემო იყო.

ნერეტვა-ვალისში, უძველეს არხში, რომლითაც ერთ დროს წყალი ჩადიოდა ეზეროს კრატერის დელტაში, მკვლევრებმა აღმოაჩინეს ნიკელის კონცენტრაცია, რომელიც ყველაზე მაღალია ამ დრომდე მარსის ქანებში აღმოჩენილთა შორის. ფართო გეოლოგიურ კონტექსტში, ეს ლითონი გვთავაზობს მინიშნებებს ამ რეგიონის ქიმიური ისტორიის შესახებ და ახალ ნაჭერს ამატებს პლანეტის წარსულში სიცოცხლისთვის ხელსაყრელობის ფაზლს.

„მიუხედავად იმისა, რომ მარსზე ნიკელი აქამდეც იყო დაფიქსირებული, ამჯერად ის ყველაზე ძლიერ დაფიქსირდა, თანაც მარსის ზედაპირზე მიმოფანტულ ამჯერად რკინა-ნიკელის მეტეორიტებს მიღმა“, — ამბობს აშშ-ის პერდიუს უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერი ჰენრი მანელსკი.

მისი განცხადებით, ზოგადად, დედამიწაზე და მარსზე ნიკელი მიკროელემენტია, რადგან მისი აბსოლუტური უმეტესობა ამ პლანეტების ბირთვში ჩაიძირა ჩამოყალიბების პროცესში. ზედაპირზე აღმოჩენილი მნიშვნელოვანი რაოდენობა უნიკალურ შეზღუდვებს აწესებს იმის შესახებ, თუ როგორ ჩამოყალიბდა და შემდგომში შეიცვალა ეს ქანები.

ნიკელი მარსზე არც ისე მწირია, მაგრამ ძირითადად გვხვდება პლანეტის ზედაპირზე მიმოფანტულ მეტეორიტთა ფრაგმენტებში.

2024 წელს, როცა NASA-ს მავალმა Perseverance-მა დიდი ხნის წინ დამშრალ ნერეტვა-ვალისში გაიარა, გადააწყდა უჩვეულო ქვებს, მათ შორის ქანების უცნაურად ფერმკრთალ, მოშიშვლებულ მონაკვეთს, რომელსაც მეცნიერებმა „ბრაით ენჯელი“ უწოდეს.

აღმოჩნდა, რომ ბრაით-ენჯელი შეიცავდა უცნაურ მახასიათებლებს, რომლებიც დედამიწაზე ხშირად არის დაკავშირებული მიკრობულ აქტივობასთან; მათ შორის იყო პირიტის მსგავსი რკინის სულფიდი მინერალები და ორგანული ნაერთები — პირიტი ძირითადად მიკრობებით მდიდარ გარემოში გვხვდება.

საკუთარი ოპერაციების ფარგლებში, Perseverance-მა შეაგროვა ნერეტვა-ვალისის მრავალი ქანის შემადგენლობის მონაცემები; სწორედ ამ მონაცემებში ეძებდნენ მანელსკი და მისი კოლეგები მინიშნებებს ამ ქანების წარმოშობის შესახებ. ამ ანალიზების დროს დაფიქსირდა ნიკელის განსაკუთრებით ძლიერი სიგნალი.

„პერსევერანსის“ მიერ შესწავლილი 126 დანალექი ქანიდან და რვა ქვის ზედაპირიდან, მკვლევრებმა 32-ში იპოვეს ნიკელის კონცენტრაცია წონის 1,1 პროცენტამდე. თუმცა, იმან, რაც ამ ქვებში იყო, დაიწყო ისტორიის გამთლიანება.

„ნიკელით მდიდარი რკინის სულფიდი დედამიწაზე უძველეს დანალექ ქანებში გხვდება. რკინის სულფიდი ადვილად განიცდის ეროზიას ჟანგბადით მდიდარ გარემოში და ამიტომ, მისი არსებობა ხმელეთის უძველეს ქანებში არის მტკიცებულებათა ერთი ხაზი, რომელსაც იმის დემონსტრირებისთვის იყენებენ, რომ ადრეული დედამიწის ატმოსფერო ერთ დროს ჟანგბადით ძალიან მწირი იყო“, — განმარტავს მანელსკი.

მისი განცხადებით, ეს მკვეთრად ეწინააღმდეგება სხვა გარემოს, რომელშიც დედამიწაზე ნიკელი ხშირად გვხვდება — ლატერიტებში, რომლებიც წარმოადგენს ძლიერ ეროდირებულ უძველეს ქანებს. რკინის სულფიდში ნიკელის აღმოჩენა მიუთითებს, რომ ეს ქანები სავარაუდოდ წარმოიქმნა ჟანგბადით მწირ გარემოში.

ამ მინერალების არსებობა ასევე მიუთითებს დინამიკურ წყლიან გარემოზე. როგორც ჩანს, ნერეტვა-ვალისის ქანები ჩამოაყალიბა დანალექებზე გამდინარე წყლის ნაკადებმა, რაც დროთა განმავლობაში წარმართავდა ქიმიურ რეაქციებს.

მკვლევართა აზრით, ნიკელი იქ მეტეორიტებმა ჩაიტანა, შემდეგ წყალში გაიხსნა და სხვადასხვა ადგილას გადანაწილდა. თუმცა, აქ იწყება საინტერესო ამბავი — დედამიწაზე ნიკელი გადამწყვეტად მნიშვნელოვანი ელემენტია მრავალი ორგანიზმისთვის, მათ შორის, მიკრობებისთვის.

მკვლევართა მიერ გამოვლენილი ნიკელის კონცენტრაცია მიუთითებს, რომ ის შეიძლება ხელმისაწვდომი იყო ცოცხალ ორგანიზმთა მიერ გამოყენებისთვის.

Perseverance-ის მიერ შესწავლილი ქანები ასევე აჩვენებს ორგანულ ნაერთთა არსებობას — მოლეკულების, რომლებიც შეიცავს ნახშირბადს, ანუ ელემენტს, რომელსაც ეფუძნება დედამიწაზე არსებული ყველანაირი სიცოცხლე. რა თქმა უნდა, ნახშირბადი მრავალი არაბიოლოგიური გზით შეიძლება წარმოიქმნას, მაგრამ წყლის მსგავსად, ის არის რაღაც, რომლის გარეშეც არ არსებობს სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმა.

„როცა მარსზე სიცოცხლის მტკიცებულებას ვეძებთ, გამოსადეგია პარალელების გავლება უძველეს დედამიწაზე არსებულ სიცოცხლესთან. დაახლოებით 3,5 – 4 მილიარდი წლის წინ, რაც ასევე არის ეზეროს კრატერის ასაკი — სიცოცხლეში დომინირებდა ანაერობული მიკრობები.

„ჩვენ მიერ თავიდან დაფიქსირებული ორგანული ნახშირბადის და აღდგენილი გოგირდის მაკროსკოპული ზონების მიმდებარედ ნიკელის მაღალი სიჭარბის აღმოჩენა იმაზე მიუთითებს, რომ ნიკელი ბიოლოგიურად ხელმისაწვდომი იყო. ეს კიდევ უფრო უჭერს მხარს იდეას, რომ უძველეს მარსზე წარმოდგენილი იყო სიცოცხლისთვის საჭირო ინგრედიენტები“, — ამბობს მანელსკი.

აღმოჩენა აჩენს კითხვებს იმის თაობაზეც, როდის არსებობდა ეს გარემო პირობები. ნერეტვა-ვალისის ქანები შეიძლება უფრო ახალგაზრდა იყოს, ვიდრე ეზეროს კრატერის სხვა ნაწილები, რაც მიუთითებს, რომ სიცოცხლისთვის პოტენციურად ხელსაყრელი გარემო მარსზე მხოლოდ მისი ადრეული ისტორიით არ უნდა ყოფილიყო შემოფარგლული.

კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო: პირველი არხი