2025 წელს შექმნილი სსიპ-ის, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თანამშრომლებს ფულად ჯილდოს გადასცემენ – „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ შესაბამის განკარგულებას ხელი 25 დეკემბერს მოაწერა.

„მიეცეს თანხმობა სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს, სააგენტოს თანამშრომლებზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერი შესრულებისა და მათი შრომის სათანადო დაფასებისთვის, გასცეს ფულადი ჯილდო – საშტატო ნუსხის მიხედვით დასაქმებულ სამ თანამშრომელზე 21 3316 ლარის ოდენობით, ხოლო არასაშტატო ნუსხის მიხედვით დასაქმებულ 6 თანამშრომელზე – 17 458 ლარის ოდენობით (თითოეულ თანამშრომელზე ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს 80%-ის ოდენობით)“ – წერია „ოცნების“ მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც ხელს კობახიძე აწერს.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო წელს შეიქმნა. მისი დებულება „ოცნების“ მთავრობამ 2025 წლის 15 აპრილს დაამტკიცა.

მთავრობის მიერ არასამთავრობოების დაფინანსების იდეა ირაკლი კობახიძემ პირველად 2024 წლის 9 სექტემბერს გაახმიანა. მან თქვა, რომ სამთავრობო საგრანტო ფონდით მხოლოდ ის ორგანიზაციები ისარგებლებენ, რომლებიც რუსულ კანონს დაემორჩილებიან და „უცხოური ინტერესების გავლენის გამტარებად“ დარეგისტრირდებიან.

სააგენტოს თავმჯდომარის ხელფასი თვეში 10 ათას 585 ლარია; მოადგილის – 8 ათას 760 ლარი, ხოლო დეპარტამენტის უფროსის – 7 ათას 300 ლარი.

გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარე თამარ ზოდელავაა.

2025 წლის წელს [8 თვე] სააგენტოს ამ სამი თანამშრომლის ხელფასებისთვის ჯამში 253 ათასზე მეტი იხარჯება.

batumelebi.netgazeti.ge