გამოცემა Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის წარდგენა მას შემდეგ გადადო, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპისგან ზომების გამკაცრება მოითხოვა.

პაკეტის წარდგენის გადავადების შესახებ ინფორმაციას Politico-ც ავრცელებს.

როგორც Bloomberg წერს, ევროკომისიას სანქციების მე-19 პაკეტი ხვალ, 17 სექტემბერს უნდა წარედგინა - პაკეტი რუსული ბანკებისა და ენერგოკომპანიების, ასევე რუსული გადახდისა საკრედიტო ბარათების სისტემების, კრიტპოვალუტის ბირჟების სანქცირებასა და რუსული ნავთობით ვაჭრობისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებდა.

აქამდე გამოცემა ავრცელებდა ინფორმაციას, რომ EU-მ ინდოეთსა და ჩინეთში ისეთი ფირმების სანქცირების განხილვა დაიწყო, რომლებიც რუსეთის ნავთობით ვაჭრობას ხელს უწყობენ.

Bloomberg-ის მიხედვით, ევროკავშირი ამჟამად იმაზე მუშაობს, რომ დიდი შვიდეულის (G7) სანქციების პრიორიტეტების შესაბამისად იმოქმედოს.

გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ G7 ახალი სანქციების პაკეტზე მუშაობს, რომლის დასრულებაც შემდეგ ორ კვირაში სურთ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა დიდი შვიდეულის (G7) ფინანსთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრის დროს კიდევ ერთხელ გაიმეორა პრეზიდენტ ტრამპის მოწოდება G7-ის პარტნიორებისადმი, რომ თუ ისინი ნამდვილად ერთგულნი არიან უკრაინაში ომის დასრულების მიმართ, უნდა შეუერთდნენ აშშ-ს რუსეთისგან ნავთობის შემსყიდველი ქვეყნებისთვის, მათ შორის, ინდოეთისთვისა და ჩინეთისთვის ტარიფების დაწესებაში.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს ტრამპმა თქვა, რომ თუკი NATO-ს ქვეყნები რუსეთისგან ნავთობის ყიდვას შეწყვეტენ, რუსეთს სანქციებს დაუწესებდა. მისივე თქმით, ევროპის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გაამკაცრონ, როგორც ამას აშშ აკეთებს.