გასულ წელს სერბეთში სარკინიგზო სადგურის სახურავის ჩამონგრევის გამო პროკურატურამ 13 ადამიანს, მათ შორის მშენებლობის ყოფილ მინისტრს ბრალი წაუყენა.
ქალაქ ნოვი სადის პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს, გორან ვეშიჩს და კიდევ 12 პირს, მათ შორის მის თანაშემწეს და რკინიგზის კომპანიის ხელმძღვანელს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევის გამო ბრალი წაუყენეს.
კერძოდ, ბრალდება მოიცავს სადგურის შენობის ექსპლუატაციაში გაშვებას, მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა და შენობის ექსპლუატაციაში შესასვლელად ნებართვა არ იყო გაცემული; ასევე, სადგურის შენობის სტრუქტურის შენარჩუნების ვალდებულების შეუსრულებლობას, ნოვი სადის რკინიგზის სადგურის შენობის დაპროექტებისა და განხორციელების ფაზაში კრიმინალური დანაშაულების ჩადენას.
2024 წლის პირველ ნოემბერს ქალაქ ნოვი სადში ახალგარემონტებული სარკინიგზო სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგედიის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე 10 თვეზე მეტია, საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრანტები ტრაგედიის მიზეზად კორუფციას, დაუდევრობასა და უსაფრთხოების ნორმების გაუთვალისწინებლობას ასახელებენ, რაც, მათი თქმით, გამოწვეულია სერბეთის ხელისუფლებაში არსებული ნეპოტიზმით.