ირაკლი კირცხალიას განცხადებით, იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებების ახალი პაკეტის მიღება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში, რომლის მიხედვითაც, ქონებრივი მდგომარეობის 30 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად ანტიკორუფციული ბიუროსთვის წარდგენის ვალდებულება ექნებათ საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, აიპებში, სიპებში და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულ პირებს, რომლებიც მხილებულნი არიან სამოხელეო თუ ფინანსურ დანაშაულში.

"ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს კორუფციასთან ბრძოლა წარმოადგენს. [...] არ ვაპირებთ მიღწეულით დაკმაყოფილებას და [...] ამიტომ, პრემიერის გაცხადებულ კურსს, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას უკავშირდება, საქართველოს პარლამენტი სრულად იზიარებს და მხარს უჭერს. ბუნებრივია, ამ პროცესში განსაკუთრებულია სუს-ის როლი [...] უკანასკნელ პერიოდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულები განხორციელებული ეფექტიანი ღონისძიებები და გამოვლენილი დანაშაულები კიდევ ერთი დასტურია, რომ სახელმწიფო მსგავსი ტიპის დანაშაულის მიმართ შეურიგებელია.

იმისთვის, რომ კორუფციასთან ბრძოლის კიდევ უფრო ეფექტიანი მექანიზმები გაჩნდეს, საქართველოს პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მომზადდა, რომლის თანახმადაც ცვლილებები შევა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში. კერძოდ, ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროსთვის ქონებრივი მდგომარეობის ყოველწლიურად, 30 წლის განმავლობაში წარდგენის ვალდებულება ექნებათ საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, აიპებში, სიპებში და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულ პირებს, თუ მათ მიმართ ძალაში შევა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული სამოხელეო ან ფინანსური დანაშაულის ჩადენისათვის.

ეს ცვლილებები პირდაპირი სიგნალია იმათთვის, ვინც კორუფციულ გარიგებაში ჩართულობით, სავარაუდო სარგებლის მიღებაზე, შემდგომ შემოსავლის ლეგალიზებაზე და გრძელვადიან პერიოდში პირადი ინტერესების დაკმაყოფილებაზე არიან ორიენტირებულნი. მინდა, განვმარტო, რომ ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, კონკრეტულ სამოხელეო დანაშაულში მხილებული ადამიანების ქონებრივი მდგომარეობის აქტიური დაკვირვება და მონიტორინგი 30 წლის განმავლობაში გახდება შესაძლებელი, რაც მათი მხრიდან მითვისებული ქონების ლეგალიზებას და პირადი ინტერესებით გამოყენებას სასჯელის მოხდის შემდეგაც გამორიცხავს".  - თქვა კირცხალიამ.

ცნობისთვის, 4 სექტემბერს ივანიშვილის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულების ჩამდენი პირებისგან, დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით, მსჯავრდებულის, მისი ოჯახის წევრების და ასევე დაკავშირებული პირებისაგან მატერიალური რესურსების ამოღება მარტივდება.

3 სექტემებრს გამართულ პლენარულ სხდომაზე, სადაც კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირეს ივანიშვილის წარმომადგებელმა, არჩილ გორდულაძემ თქვა, რომ კანონში განისაძღვრება კონკრეტული ვადა და დადგინდება, რომ რიგი ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულების საფუძველზე ნასამართლევ პირებს საქართველოდან გასვლა 16 წლის ვადით აეკრძალებათ.

ხალი ცვლილებები ეხება ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა ქურდობა ჩადენილი დიდი ოდენობით, ძარცვა, ყაჩაღობა, თაღლითობა, გამოძალვა, მითვისება ან გაფლანგვა, განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების მქონე ნივთის/დოკუმენტის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ნივთის დაზიანება ან განადგურება, მომხმარებლის მოტუყება ჩადენილი დიდი ოდენობით, სამხედრო ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურება.

გორდულაძის განცხადებითქართული ოცნების ახალი კანონპროექტი თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელზე, გიორგი ბაჩიაშვილზეც გავრცელდება.

4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ საქართველო დატოვა. ბაჩიაშვილის თქმით, ამისთვის "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები" გამოიყენა.