„მაღალმხარჯველი ტურისტების წილი შემცირებულია - აზიის ბაზრიდან ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ ამას თან არ მოჰყვა ხარისხი“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ გიდმა ალექსანდრე გიორგიძემ განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, წელს ტურიზმის სექტორი ვერ ნახავს ისეთ მოგებას, რაც შესაძლოა ყოფილიყო იმავე ან ნახევარი რაოდენობის ევროპელი ტურისტების შემთხვევაში.
„ფინანსურად ვერ ვნახავთ ისეთ მოგებას, რაც შესაძლოა, ყოფილიყო იმავე ან ნახევარი რაოდენობის ევროპელი ან მაღალმხარჯველი ქვეყნებიდან ტურისტების შემთხვევაში. სახელმწიფოს აქცენტი გადატანილი აქვს აზიის ბაზარზე, ევროპაში აქტივობები შემცირებულია. მცირედით გაზრდილია ევროკავშირის რიგი ქვეყნებიდან - იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი - ტურისტების რაოდენობა, მაგრამ ეს არის ჩვენი სპორტსმენების მიერ ქვეყნის პოპულარიზაციის შედეგი. სტაგნაცია გვაქვს ისეთი ტრადიციული მიმართულებებიდან, როგორიც არის პოლონეთი და გერმანია. თუ ასე გაგრძელდება, ჩვენ გავხდებით იაფი მიმართულება. მე ამ საკითხს არ ვუყურებ მხოლოდ დღევანდელი დღით, მნიშვნელოვანია ხვალ და ზეგ რა იქნება“, - აღნიშნა გიორგიძემ.
გარდა დაბალმხარჯველი ტურისტებისა, გიდის თქმით, პრობლემას წარმოადგენს მხოლოდ რამდენიმე წერტილში ტურისტების კონცენტრირება.
„ტურისტების კონცენტრაცია ხდება ისეთ ადგილებში როგორებიც არის მარტვილის კანიონი, ბორჯომი, ყაზბეგი და ა.შ. ტოპ-10 ტურისტულ ადგილზე პირდაპირი გაგებით არის ზედახორა, სამწუხაროდ არ ხდება ტურისტების გადანაწილება სხვა ადგილებზე. რაც შეეხება მთას, სადაც ძირითადად მაღალგანვითარებული ქვეყნებიდან ჩადიოდნენ მოგზაურები, ძალიან გაუჭირდა წელს. აგვისტოში მთის კურორტებზე სიტუაცია შედარებით გამოსწორდა, მაგრამ თვალშისაცემია, რომ ივნისი და ივლისი მთაში არ იყო სახარბიელო.
კიდევ ერთი რაც წელს თვალსაჩინოა, ძალიან შემცირდა გრძელვადიანი დაგეგმვა, გვაქვს სპონტანური ტურიზმი. ბევრი ტური იგეგმება ძალიან ახლო ვადებში. ოქტომბერში ახლა მხოლოდ ორი ტური მაქვს დაგეგმილი ჯერ. პოსტპანდემიურ პერიოდშიც კი ყველაფერი გაწერილი იყო. წელს იმავესაც ვერ ვხედავთ“, - ამბობს გიორგიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.