საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე (CIBM) წვდომის მოპოვება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საერთაშორისო რეზერვების მართვის ეფექტიანობას და ხელს შეუწყობს მათი დივერსიფიკაციის პროცესს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს და უმნიშვნელოვანეს საფინანსო ბაზარზე - ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე (China Interbank Bond Market - CIBM) წვდომა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გასულ წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაწყებული თანამშრომლობის შედეგად მოიპოვა.
შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი შეუერთდა ცენტრალური ბანკების იმ მცირე ჩამონათვალს, რომელთაც ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე ოპერირების საშუალება ეძლევათ.
ნათია თურნავას განცხადებით, ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარი გამოირჩევა მაღალი სტაბილურობით. მისივე თქმით, ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარი უცხოელი ინსტიტუციური ინვესტორებისთვის, მათ შორის ცენტრალური ბანკებისთვის, ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე პირდაპირი წვდომის ერთ-ერთი ძირითადი არხია.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო რეზერვები იყოს დივერსიფიცირებული, როგორც ვალუტების, აგრეთვე აქტივების ტიპებისა და გეოგრაფიული არეალის კუთხით. უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ინვესტირებას, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს რეზერვების მართვის დივერსიფიკაციას. ასევე ეტაპობრივად გაგრძელდება საბაზრო გარემოსა და რისკების შეფასებაზე დაფუძნებული ახალი ბაზრების ათვისება“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
ნათია თურნავას თქმით, ეროვნული ბანკი უახლოეს მომავალში საკუთარ გამოცდილებას კერძო და საფინანსო სექტორს გაუზიარებს, რათა ხელი შეუწყოს მათ ჩართულობას ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე.
ინფორმაციას სებ–ი ავრცელებს