ინფრასტრუქტურის მინისტრი ამბობს, რომ საერთაშორისო ინვესტორებისთვის საქართველო დღეს ძალიან მიმზიდველი ქვეყანაა.
„გუშინ გაიხსნა სარფის დიდი გვირაბის სამშენებლო ტენდერი და იქაც უცხოელი ინვესტორების დაინტერესება ძალიან შთამბეჭდავია. ძალიან ბევრმა საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და ჩვენ უახლოეს პერიოდში გვეცოდინება ამ ტენდერის შედეგები“, - ამის შესახებ რევაზ სოხაძემ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში განაცხადა.
გადაცემაში მინისტრმა წყალმომარაგების კუთხით განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა. „თუ შევადარებთ 2012 წლიდან დღემდე პერიოდს, დაახლოებით, 20-ჯერ არის გაზრდილი დაფინანსება გაერთიანებული წყალმომარაგების მიმართულებით. მოსახლეობისთვის ნათელი რომ იყოს, უნდა ვთქვათ, რომ GWP ახორციელებს წყალმომარაგებას თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში, „აჭარის წყალი“ არის ცალკე ორგანიზაცია და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას მოიცავს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და მის მიერ ძალიან ბევრი პროექტია განხორციელებული. დღეს, დაახლოებით, 950 ათასი ბენეფიციარი ჰყავს წყალმომარაგების კომპანიას. ჩვენ 49 ქალაქში ვოპერირებთ და 31 ქალაქში უკვე მიღწეულია ის, რომ გვაქვს 24 საათიანი წყალმომარაგება, რაც გულისხმობს იმას, რომ სტანდარტების შესაბამისი წყალი მიეწოდება მოსახლეობას. პრემიერ-მინისტრის ჩართულობით, 2028 წლისთვის, საქართველოს ყველა ქალაქში გვექნება 24 საათიანი წყალმომარაგება“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
მისივე ინფორმაციით, არსებულ 950 ათას ბენეფიციარს, უახლოეს წლებში, კიდევ 300 ათასი ბენეფიციარი დაემატება.
„აქ არა მხოლოდ ქალაქების წყალმომარაგებაზეა საუბარი, ჩვენ ახალი პროექტი დავიწყეთ, რომელიც აზიის განვითარების ბანკთან ერთად ხორციელდება. აღნიშნული ინსტიტუტის დაფინანსება 200 მილიონ ევროს შეადგენს, ამავე მოცულობით აფინანსებს ამ პროექტს საქართველოს მთავრობაც. უფრო კონკრეტულად, ეს პროექტი გულისხმობს 100 სოფელში წყალმომარაგების სისტემის მოწყობას“, - განმარტა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
როგორც რევაზ სოხაძე ამბობს, პროექტის პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია.