თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან 270 მლნ ლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა, რომელიც საქართველოში, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის (MSME) ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას და მწვანე დაფინანსების გაძლიერებას მოხმარდება.

ფინანსური რესურსის ძირითადი ნაწილი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერისკენ იქნება მიმართული. 20% ქალი მეწარმეების გაძლიერებას, ხოლო 30% - მწვანე ინვესტიციების დაფინანსებას მოხმარდება.

„კერძო სექტორის გაძლიერება ADB-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, განსაკუთრებით - მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის საყრდენს წარმოადგენენ. მზად ვართ, ხელი შევუწყოთ მათ ზრდას, განვითარებას და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას. თიბისი ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორია და ვიმედოვნებთ, რომ ახალი თანამშრომლობა საქართველოში გრძელვადიან, მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს”, - განაცხადა ADB-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა, ლესლი ბეარმან ლამმა.

„ვაფასებთ ADB-სთან ჩვენს მრავალწლიან პარტნიორობას და მათ უწყვეტ მხარდაჭერას. აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას და შესაძლებლობას მოგვცემს, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისათვის გრძელვადიანი ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობა გავზარდოთ. MSME სექტორის, ქალი მეწარმეებისა და მწვანე ინვესტიციების მხარდაჭერა სრულად შეესაბამება ჩვენს სტრატეგიას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში’’, - განაცხადა თიბისის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უდიდესიმულტილატერალური პარტნიორია. ADB-ის მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხების, გრანტებისა დატექნიკური დახმარების ჯამური ოდენობა 5 მილიარდ დოლარს აჭარბებს, საიდანაც დაახლოებით 1 მილიარდი კერძო სექტორისთვისაა გამოყოფილი. ADB-ის საქართველოსთან თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგიამიზნად ისახავს, ქვეყანას დაეხმაროს მწვანე და ინკლუზიურ რეგიონულ კარიბჭედ განვითარებაში, ხელიშეუწყოს სახელმწიფო და კერძო სექტორში ინვესტიციების განხორციელებას, რეფორმებს, ცოდნისგაღრმავებას, კლიმატგამძლე ინფრასტრუქტურის აშენებასა და რეგიონულ ინტეგრაციას.