კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2026 წლის მარტის ბოლოსათვის 72.74 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.68 მილიარდი ლარით (2.37%-ით) მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.35% -ით მეტი). სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14.94% შეადგინა. ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 775.38 მლნ ლარით (1.89%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 907.04 მლნ ლარით (3.02%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 2.99%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის მარტის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.04 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.53%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 21.04 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.60%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 3.51 %-ით მეტი).

2026 წლის მარტის განმავლობაში 1.68%-ით, ანუ 624.92 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მარტის ბოლოსათვის 37.79 მილიარდი ლარი შეადგინა.

2026 წლის მარტის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.51% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.27 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.26 პროცენტული პუნქტით).

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს