ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ყოველწლიური სამიტების ჩატარების შეწყვეტას ან უფრო იშვიათად გამართვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ ნაბიჯით სავარაუდოდ, ნატო-ს წევრი ქვეყნები ცდილობენ, თავიდან აიცილონ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან პოტენციურად დაძაბული შეხვედრა მისი პრეზიდენტობის პერიოდში.

როგორც ერთ-ერთმა წყარომ გამოცემას განუცხადა, ნატო-ს წევრები „ნაკლებ დრამატულობას და უკეთეს გადაწყვეტილებებს“ ეძებენ. კიდევ ერთმა წყარომ კი განაცხადა, რომ სამიტები შესაძლოა, ორ წელიწადში ერთხელ გაიმართოს და ამ საკითხის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ალიანსის გენერალური მდივანი მარკ რუტე მიიღებს.

„უკეთესია, ნაკლები სამიტი გვქონდეს, ვიდრე  – ცუდი სამიტები. ისევ და ისევ გვაქვს სამუშაო, ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ“, – თქვა ერთ-ერთმა დიპლომატმა.

როგორც „როიტერი“ წერს, ნატო-ს სამიტების სიხშირე ალიანსის 77-წლიანი ისტორიის განმავლობაში იცვლებოდა, მაგრამ მისი ლიდერები 2021 წლიდან ყოველ ზაფხულს იკრიბებიან. წელს ისინი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში 7 და 8 ივლისს შეიკრიბებიან.

1tv.ge