ტურიზმში შემოსავლების კუთხით საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გვესმის თავმომწონე განცხადებები, რომ მილიონობით ტურისტს ვმასპინძლობთ - ამის შესახებ BMG-სთან სასტუმრო „ფალიანის“ დამფუძნებელი ეკა გველესიანი საუბრობს. მისი თქმით, სასტუმროებს შემოსავლების მობილიზება საკმაოდ უჭირთ.
„მილიონობით ტურისტის მოზიდვა არ ნიშნავს შემოსავლების გაზრდას. ეს ტურისტები ძალიან დაბალ მხარჯველუნარიანები არიან. წინა წლებთან შედარებით შემცირებულია შემოსავლები და იმ დროს როდესაც ყველაფრის ფასი მომატებულია და ხარჯები ფაქტობრივად, გაორმაგებული, ბუნებრივია, რომ ძალიან რთულია ბიზნესისთვის გადარჩენა“ - ამბობს ეკა გველესიანი BMG-სთან.
მისივე თქმით, სექტორი წელს, აქტიური ტურისტული სეზონის მოლოდინში იყო, რადგან, წლევანდელი ზაფხულისთვის ჯავშნები გასული წლიდან ფიქსირდებოდა.
„საკმაოდ კარგი რაოდენობის ჯავშნებით ველოდებოდით ზაფხულს. მაგრამ, თუნდაც დღეს, მაგალითად, სხვადასხვა ტურისტული კომპანიებისგან ოთხი დიდი ჯგუფი გაგვიუქმდა და ეს ტენდენცია როგორც ჩანს, გრძელდება - სხვა სასტუმროებსაც მისდით გაუქმების წერილები. ეს ნამდვილად საგანგაშოა, იმიტომ რომ თუ ეს ზაფხულის სეზონიც ჩავარდა სვანეთისთვის, სადაც ტურიზმი სეზონურია და სადაც ზამთრის სეზონი ელექტროენერგიის და ინფრასტრუქტურის პრობლემების გამო პრაქტიკულად, ყოველ წელს, წარუმატებელია ხოლმე, ამ დროს ზაფხულის ჩავარდნაც ძალიან უარყოფით შედეგს გამოიწვევს. თუმცა, იმედი გვინდა ვიქონიოთ, რომ ეს გაუქმებები აღარ გაგრძელდება და პირიქით, მეტი ჯავშანი შემოვა, ეს კონფლიქტიც დასრულდება და ყველა ამოვისუნთქავთ“ - განმარტავს ეკა გველესიანი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკით, პირველ კვარტალში ტურიზმის მაჩვენებლებში რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. ადმინისტრაციის თანახმად, 3 თვეში საქართველომ 997,529 ტურისტი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტია. საუბარია იმ ვიზიტორებზე, რომლებიც ქვეყანაში 24 საათზე მეტხანს დარჩნენ. როგორც ჰორეკა სექტორში აცხადებენ, იანვარ-თებერვალში ტურისტული ნაკადების პოზიტიური ტენდენცია ნამდვილად შეინიშნებოდა, თუმცა, მარტი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ომის გამო, სრულად ჩავარდა და ციფრები და რეალობა ერთმანეთს არ შეესაბამება.