ცოცხლებისთვის განკუთვნილი სამედიცინო ტექნოლოგიით მეცნიერები მკვდრებს იკვლევენ.

ერთ დროს, ძველეგვიპტური მუმიების შესწავლა ისეთი პროცესი იყო, რომელიც ვერ იძლეოდა გარანტიას, რომ ამ პროცესში მუმიები ხელუხლებელი გადარჩებოდა.

ახლა კი, საავადმყოფოებისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიები მუმიების მრავალშრიან სახვევებში შეხედვის საშუალებას იძლევა, თანაც ისე, რომ ქსოვილის ერთი ძაფიც კი არ დაზიანდეს.

1965 წელს, როცა ბუდაპეშტში უნგრეთის ეროვნული მუზეუმის საზოგადოებრივი კოლექციების ცენტრის სემელვაისის სამედიცინო ისტორიის მუზეუმი დაარსდა, მიიღო რამდენიმე ძველეგვიპტური მუმია. სწორედ ამ მუმიებში დამალული საიდუმლოები შეისწავლეს მეცნიერებმა მაღალი რეზოლუციის კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენებით.

„მათი შესწავლის მიზანია შიდა სტრუქტურის რაც შეიძლება ზუსტი სურათის მიღება, ნებისმიერი პათოლოგიის ან მუმიფიცირებაში გამოყენებული მეთოდების“, — ამბობს სემელვაისის უნივერსიტეტის უფროსი კლინიკური ექიმი და რადიოლოგი იბოლიკა დუდასი.

კომპიუტერული ტომოგრაფიით სკანირების ტექნოლოგიამ ნამდვილი საოცრებები მოახდინა სამეცნიერო კვლევების მრავალ დარგში. ის რენტგენული სხივების მაღალტექნოლოგიური, მაღალი რეზოლუციის ფორმაა, რომელიც რენტგენული სხივების მბრუნავ დანადგარს და კომპიუტერს იყენებს, რათა შექმნას ობიექტის ან ცოცხალი არსების შიდა შემცველობის დეტალური სურათები ორ ან სამ განზომილებაში.

ამ ტექნოლოგიის სამედიცინო სარგებელი კარგად დადგენილი და ფართომასშტაბიანია, მაგრამ მეცნიერები მას ასევე იყენებენ არადესტრუქციული, არაინვაზიური კვლევების ჩასატარებლად სხვადასხვა ნიმუშზე, მათ შორის, უძველეს ნამარხებზე, მწერების დელიკატურ თავის ტვინზე და მარსული წარმომავლობის მეტეორიტებზეც კი.

ამჯერად, დუდასმა და მისმა კოლეგებმა ცენტრის უახლესი კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანერი, რომელიც მოწინავე ფოტონების მთვლელი დეტექტორითაა აღჭურვილი — მუზეუმში დაცულ მუმიათა საიდუმლოების შესასწავლად გამოიყენეს.

„მუმიები წარსულშიც შესწავლილი იყო მკვლევართა ჯგუფის მიერ. თუმცა, ახალმა ფოტოებმა მოგვაწოდა იმაზე დეტალური გამოსახულება, ვიდრე ოდესმე; ამიტომ, ველოდებით ახალ, მეცნიერულად ვალიდურ აღმოჩენებს მუმიებში, რომლებიც ჩვენს კოლექციაში უკვე ათწლეულებია ინახება“, — ამბობს მუზეუმის კოლექციების კურატორი კრისტინა შეფერი.

მუზეუმის ექვსი მუმია ნახშირბადული მეთოდით დაათარიღეს, მაგრამ დამაჯერებელი შედეგები მხოლოდ სამმა დადო. მათგან უძველესი ძვ. წ. 401 – 259 წლებს ეკუთვნის, მაგრამ ეგვიპტელები მიცვალებულებს ამაზე ათასწლეულებით ადრეც უტარებდნენ მუმიფიცირებას.

სკანირების მონაცემთა ანალიზი ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ სხვა მუმიების კომპიუტერული ტომოგრაფიით ჩატარებულმა სხვა ასეთმა კვლევებმა საკმაოდ ბევრი ცნობა მოგვაწოდა მათი ცხოვრების შესახებ.

ძველი ეგვიპტელი მებალზამეები სახვევებში ხშირად აყოლებდნენ ძვირფას ნივთებს, მაგალითად, მონეტებსა და ამულეტებს.

სხვა ეგვიპტური მუმიების სკანირებებმა გამოავლინა ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა ართრიტი; ერთმა კვლევამ კი მიაგნო ანემიის მაღალ მაჩვენებელს ძველეგვიპტური ბავშვების მუმიებში.

მუმიების კომპიუტერული ტომოგრაფიით კვლევით შეიძლება დადგინდეს კიბოს არსებობაც. კოლუმბამდელი სამხრეთამერიკული მუმიების კვლევამ კი გამოააშკარავა სასტიკი ხოცვა-ჟლეტის ამბავი.

სემელვაისის მუმიების პირველადი ანალიზები მიუთითებს, რომ კომპიუტერული ტომოგრაფია შეიძლება დაგვეხმაროს ზოგიერთი მუმიის დათარიღებაში, მათში გამოყენებული მუმიფიცირების მეთოდებზე დაყრდნობით.

განსაკუთრებით საინტერესოა ერთ-ერთი მუმია, რომლის შიგთავსის შეფასებაც გარედან შეუძლებელი აღმოჩნდა. მკვლევრები ფიქრობდნენ, რომ ის შეიძლება ფრინველი ყოფილიყო. ძველეგვიპტელები მრავალი სხვადასხვა ფრინველის მუმიფიცირებას ახდენდნენ. კიდევ ერთი მოსაზრებით, შეიძლება თავი ყოფილიყო. მაგრამ სინამდვილეში, ის მუმიფიცირებული ფეხი აღმოჩნდა.

სკანირებებმა ცხადყო, რომ ეს ადამიანი სიცოცხლეში ოსტეოპორიზით იტანჯებოდა. მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ სხვა სკანირებები უფრო მეტს გვეტყვის ამ ინდივიდის შესახებ.

„ვიზუალიზაციის თანამედროვე ტექნოლოგიები სრულიად ახალ გზას ხსნის მუმიების კვლევებში. გვაწვდის ინფორმაციას, რომელსაც მუმიების დაზიანების გარეშე ვერ მივიღებდით“, — ამბობს შეფერი.

მომზადებულია semmelweis.hu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო: პირველი არხი