კომერციული უძრავი ქონების სექტორის წამყვანმა კომპანიამ, აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური ჩართულობით, ჯამურად 82 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, პირველი და მეორე ტრანშების სახით 25 მილიონი დოლარის და 15 მილიონი ევროს საჯარო ობლიგაციები გამოუშვა. ტრანზაქცია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
წლიურმა საპროცენტო სარგებელმა დოლარის 2-წლიან ობლიგაციებზე 7.75%, ხოლო ევროს 3-წლიანი ობლიგაციების შემთხვევაში 6.50% შეადგინა. ობლიგაციებზე მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან. განთავსებაში მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა ფიზიკურმა და იურიდიულმა ინვესტორმა, რაც ბაზრის მაღალ ინტერესსა და კომპანიის მიმართ არსებულ ნდობაზე მიუთითებს.
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია საქართველოს კაპიტალის ბაზრის აქტიური ემიტენტია. კომპანია გალტ & თაგარტთან 2022 წლიდან ექსკლუზიურად თანამშრომლობს და ამ პერიოდიდან დღემდე ხუთი მსხვილი ემისია წარმატებით განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ 82 მილიონი დოლარის პროგრამის ფარგლებში გამოშვებული ორივე ინსტრუმენტი წარმოადგენს მწვანე ობლიგაციას, რომელიც უკავშირდება კომპანიის მიერ მწვანე სერტიფიკატის (EDGE) მიღებას მოლებისა და სითი თაუერსისთვის. ობლიგაციებიდან მოზიდული თანხები კი როგორც არსებული ვალდებულებების რეფინანსირებას, ასევე ახალი კაპიტალური პროექტების დაფინანსებას მოხმარდება.
„მწვანე ობლიგაციების გამოშვება ჩვენთვის არის სტრატეგიული ნაბიჯი, რომელიც აერთიანებს ფინანსურ მდგრადობასა და გარემოზე პასუხისმგებლობას. სითი მოლი საბურთალო, გლდანი და სითი თაუერი - ყველა შეფასდა EDGE Advanced დონეზე, რაც ნიშნავს, რომ ენერგიის მოხმარება 40%-ზე მეტით არის შემცირებული. გალტ & თაგარტთან პარტნიორობით განხორციელებული ეს ემისია გვაძლევს შესაძლებლობას, როგორც არსებული ვალდებულებები დავაფინანსოთ უფრო ეფექტურად, ისე განვაგრძოთ ახალი, მასშტაბური და მდგრადი პროექტების განვითარება საქართველოში“, - აცხადებს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას გენერალური დირქტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ლევან მესხელი.
“აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია გალტ & თაგარტის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და გრძელვადიანი პარტნიორია. ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული მსხვილი ემისიები როგორც კომპანიის ძლიერ ბიზნეს მოდელზე, ისე ინვესტორების მხრიდან მზარდ ნდობაზე უსვამს ხაზს. მწვანე ობლიგაციების გამოშვება მნიშვნელოვანი ნაბიჯია მდგრადი ფინანსების წახალისების მიმართულებით და მკაფიო მაგალითია იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა ადგილობრივ ბაზარზე. აღნიშნული ტრანზაქცია წარმოადგენს უმსხვილეს მწვანე ობლიგაციების ემისიას საქართველოში, და ამასთანავე - პირველ მწვანე ობლიგაციების ემისიას კომერციული უძრავი ქონების სექტორში, რაც განსაკუთრებით გვეამაყება. გალტ & თაგარტი მუდმივად მუშაობს იმაზე, რომ ემიტენტებს პროგრესული ფინანსური გადაწყვეტილებები, ხოლო ინვესტორებს — მაღალი ხარისხის საინვესტიციო ინსტრუმენტები შესთავაზოს“, - აცხადებს გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი.
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და გამოცდილი ოპერატორია სავაჭრო და ბიზნეს ცენტრების მიმართულებით. მის პორტფელში შედის ორი წამყვანი სავაჭრო ცენტრი – სითი მოლი საბურთალო, სითი მოლი გლდანი და სითი თაუერი, რომლებიც 100%-მდე დატვირთულობით ფუნქციონირებენ.