2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან 2.224 მილიონი დოლარის ღირებულების 531 ტონა ლოკოკინა გავიდა, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ექსპორტის მოცულობა 1.533 მილიონ დოლარს, 248 ტონას შეადგენდა. ქართული ლოკოკინას მთავარი საექსპორტო ბაზარი საფრანგეთია, შემდეგ ადგილზე კი თურქეთია.

როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ლოკოკინების ფერმის დამფუძნებელმა ზურაბ სადათიერაშვილმა განმარტა, საუბარია ველურად მოპოვებული ლოკოკინების გადამუშავების შედეგად მიღებულ ფილეზე.

„რამდენადაც ვიცი, საუბარია ველურად მოპოვებული ლოკოკინების გადამუშავების შედეგად მიღებულ ფილეზე. ფერმაში წარმოება საკმაოდ ძვირი ჯდება. შეგროვებულ ლოკოკინას კი საკმაოდ დაბალ ფასად იბარებენ და გადამუშავების შემდეგ გააქვთ საზღვარგარეთ. არსებობს ქარხანა, რომელიც გადამუშავებაზე მუშაობს, მოპოვება კი გარემოში ხდება.

რაც შეეხება ლოკოკინების ფერმაში მოშენებას, რაღაც ეტაპზე ითქვა, რომ არის მომგებიანი ბიზნესი, ამდენი ფული იშოვება და ასე შემდეგ. შედეგად, ბევრმა ჩადო დიდი ფული, ფერმები გააშენა, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ არც მთლად ასე იყო საქმე. ვიცი, რომ ბევრი ფერმა იყიდება, ბევრმა შეწყვიტა საქმიანობა. ჩემი აზრით, ნებისმიერ ბიზნესს საქართველოში სჭირდება ეტაპების გავლა. უნდა სცადო პატარა სივრცეში და შემდეგ გაფართოვდე. გაშენება ერთია და შემდეგ არის მოსავლის აღება, რასაც ბევრი ადამიანი სჭირდება, მაგრამ აქაც თავს იჩენს მუშახელის პრობლემა“, - აცხადებს ზურაბ სადათიერაშვილი.

მისი ინფორმაციით, ლოკოკინას ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი უკრაინაა და უკრაინაც კი თავის ლოკოკინას პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების მეშვეობით ყიდის - ჯერ იქ გააქვს, იქ ხდება გადამუშავება და ამის შემდეგ გადის ნახევარფაბრიკატების სახით ევროპის ქვეყნებში.

„ფიქრობ, რა ხარისხის ლოკოკინაც საქართველოში გვაქვს, კონკურენციას გაუწევს ევროპაში მოყვანილ ლოკოკინას. სფეროს განვითარების პერსპექტივა აქვს, უბრალოდ, როგორც ყველა დარგს, სწორი მიდგომები სჭირდება“, - აღნიშნავს ზურაბ სადათიერაშვილი.