ბოლო საშანტაჟო აქვთ დარჩენილი, ამას მიჰყვებიან, თუმცა მოლოდინი, რომ იქ პოზიციები შეჯერებული იქნება უშუალოდ ქვეყნებს შორის, პირადად მე უფრო ნაკლებად მაქვს. მგონია, რომ მაინც რაციონალურად იმოქმედებენ, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი ევროკომისიის განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის სტატუსი შესაძლოა დაკარგოს.

დეპუტატის აზრით, „ევრობიუროკრატები ვერ დარწმუნებიან იმაში, რომ ვიზის შეჩერებით საქართველოში რევოლუცია მოხდება და ამაში რომ ვერ დარწმუნდებიან, რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯს, შესაბამისად არ გადადგამენ“.

„ამ ანგარიშში ჩვენთვის მოულოდნელი არაფერი ყოფილა, ამ ყველაფერზე წინასწარ ვსაუბრობდით. ეს არის იმ რიტორიკის დოკუმენტში გადმოტანა, რომელიც ჩვენ ევრობიუროკრატებისგან გვესმის. ტექნიკურ ნაწილში აბსოლუტურად ყველაფერს ზედმიწევნით მივყვებით, ხოლო პოლიტიკური თემები რაც შემოდის - ორი კანონის გაუქმება, ანტი ლგბტ კანონზე და გამჭვირვალობის შესახებ კანონებზეა საუბარი, იმ ადამიანების გამოშვება, რომლებსაც ისინი პოლიტპატიმრებს უწოდებენ, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ თავისი ფეხით შებრძანდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რადიკალური ოპოზიციური პარტიების ლიდერებზე მაქვს საუბარი და ა.შ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, აქ სიახლე არაფერი არის, ჩვეულებრივად გრძელდება შანტაჟი, რასაც ჩვენ მიჩვეულები ვართ. სწორედ ეს იყო, სხვათა შორის, ბატონი ირაკლი კობახიძის ბრიფინგის მოტივიც 2024 წლის ნოემბერში, როდესაც ჩვენ ასეთი შანტაჟის ერთ-ერთი მექანიზმი გამოვაცალეთ, რაც იყო მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნა. ახლა, ბოლო საშანტაჟო აქვთ დარჩენილი, ამას მიჰყვებიან, თუმცა მოლოდინი, რომ იქ პოზიციები შეჯერებული იქნება უშუალოდ ქვეყნებს შორის, პირადად მე უფრო ნაკლებად მაქვს. მგონია, რომ მაინც რაციონალურად იმოქმედებენ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ევრობიუროკრატების ქმედება რაღაც ლოგიკას არ ექვემდებარება, არამარტო საქართველოსთან, არამედ ზოგადად სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც. თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი ვერ დარწმუნდებიან, რომ ვიზის შეჩერებით საქართველოში რევოლუცია მოხდება და შესაბამისად, ამაში რომ ვერ დარწმუნდებიან, რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯს შესაბამისად არ გადადგამენ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია, რომ საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო რეჟიმის სტატუსი. ევროკომისია ასკვნის, რომ "საქართველომ მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა მმართველობისა და კანონის უზენაესობის საკვანძო მოთხოვნებზე, რაც უვიზო მიმოსვლის მინიჭების ბაზისს ქმნის". ახალი წესების შესაბამისად, პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს, ვინც ძირითადად პასუხისმგებლები არიან ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად უმოქმედობისთვის. მეორე ეტაპზე, [უვიზო მიმოსვლის] შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გაფართოვდეს, თუ პრობლემები მოგვარებულ არ იქნება საქართველოს მთავრობის მიერ. საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო სტატუსი და სავიზო რეგულაციის I დანართში გადაინაცვლოს (სავალდებულო ვიზების მესამე ქვეყნების სია).

www.interpressnews.ge