„ლატვიის რადიოს“ ცნობით, ლატვიის მთავრობა, დიდი ხანია, საჯარო აქტივების პრივატიზების სიკეთეებზე საუბრობს და ამის საილუსტრაციოდ, უჩვეულო აუქციონის ჩატარებას გეგმავს.

ლატვიის ბუნების დაცვის სააგენტოს მიერ ეროვნული აუქციონის ვებ-გვერდზე განთავსებული განცხადების თანახმად, აუგშდაუგავას მუნიციპალიტეტის დემენეს თემში გასამართ აუქციონზე ორი დათვი იყიდება. აუქციონის დანიშნულება „სახელმწიფო მოძრავი ქონების“ - ამ შემთხვევაში კი, მეტისმეტად მოძრავი ქონების - გასხვისებაა.

ამასობაში, დემენეს თემში არსებულმა მინი-ზოოპარკმა „Raptors Park“-მა, რომლის მზრუნველობის ქვეშაც დათვის ბელები გაიზარდნენ, სოციალურ ქსელში შეშფოთების გამომხატველი წერილი და ორი დათვის შესანახად საჭირო შემოწირულობების გაღების თხოვნა გაავრცელა. ზოოპარკის მფლობელებს იმედი აქვთ, რომ დათვების მათთან დარჩენა მოხერხდება.

რამდენიმე წლის წინ, სახელმწიფოს დაცვის ქვეშ მყოფი ორი მურა დათვი (Ursus arctos) - ძუ და ხვადი - ლატვიის უკიდურეს სამხრეთ წერტილში, დემენეს თემის სოფელ ბრიგენეში არსებულ მინი-ზოოპარკ „Raptors Park“-ში აღმოჩნდა. კერძო ზოოპარკის მფლობელის, ალექსანდრს კალაჩოვსის თქმით, ვიღაცამ დათვები, უბრალოდ, მათთან დატოვა.

„მართალია, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მაგრამ ის უშედეგოდ დაიხურა. ამიტომ, ორივე დათვი სახელმწიფო საკუთრება გახდა, რადგან ისინი ტყის ბინადრები არიან და ყველაფერი, რაც ბუნებიდან მოდის, სახელმწიფოს ეკუთვნის. ეს დათვები ჩვენთან უკვე სამი წელია ცხოვრობენ. მათ საკუთარი ხარჯებით ვინახავთ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩვენს საკუთრებას არ წარმოადგენენ და მათზე არანაირი უფლება არ გვაქვს, ამ დათვების შესახებ სახელმწიფოს მაინც მუდმივად ანგარიში უნდა ჩავაბაროთ. თუმცა, ახლა კი სახელმწიფომ გადაწყვიტა, ეს დათვები აუქციონზე გაყიდოს“, - განაცხადა კალაჩოვსმა.

ორივე ცხოველი სახელმწიფო საკუთრებაა; კანონი კი ამბობს, რომ სახელმწიფო ქონება უნდა გაიყიდოს

ეროვნული პარკების სამსახურის ბუნების დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, გიტა სტროდემ დაადასტურა დათვების მომვლელის მოყოლილი ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდნენ ისინი მის ზოოპარკში, რატომ ტარდება ეს აუქციონი და ხაზი გაუსვა სიტუაციის სერიოზულობას: „ორივე ცხოველი სახელმწიფო საკუთრებაა, რომელიც სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში უნდა იყოს ამოღებული. როდესაც ეს საქმე დაიხურა, ცხოველები ამ ზოოპარკში აღმოჩნდნენ. ქვეყანაში არ გვაქვს ცხოველთა თავშესაფარი მსგავსი შემთხვევებისთვის და რიგის ზოოპარკიც ყოველთვის ვერ გვეხმარება... რეგულაციების თანახმად კი, ეს დათვის ბელები, რომლებიც ახლა უკვე დიდი დათვები არიან, უნდა გაიყიდოს, როგორც სახელმწიფო ქონება; ჩვენ მათი უბრალოდ გაცემა არ შეგვიძლია“.

ცხოველების ამჟამინდელ მომვლელს ორივე დათვის საკუთარი ხარჯებით დაჩიპვა და სტერილიზაცია სთხოვეს. მან ამაზე უარი განაცხადა. სტროდე ამბობს: „ეს ცხოველები სახელმწიფო საკუთრებაა, მაგრამ ყველა საჭირო პირობას მათ მომვლელი უქმნის. მას ეს დავალება არ მოეწონა და გაასაჩივრა“.

მხოლოდ ერთი დათვის შესანახად, დღეში, მინიმუმ, 10 კილოგრამი ვაშლი, დაახლოებით 5 კილოგრამი სპეციალური საკვები, 7 კილოგრამი ხორცი და ვიტამინებია საჭირო. ასევე არსებობს დათვის ვოლიერის საკითხიც.

„დათვებს აუქციონები, კანონები და ფორმალობები არ ესმით, - ამბობს კერძო ზოოპარკის მფლობელი, - მათ მხოლოდ ის იციან, სად იკვებებიან და სად არიან უსაფრთხოდ“.

ზოოპარკს ორივე დათვის შესყიდვა სურს და თანამოქალაქეებს ფინანსური მხარდაჭერას სთხოვს. ლატვიის ბუნების დაცვის სააგენტო მოვლენების ასეთ განვითარებას არ ეწინააღმდეგება, მაგრამ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, აუქციონის ჩატარებას ითხოვს.

„თუ ამ ზოოპარკის მფლობელი აუქციონზე იყიდის ცხოველებს, მაშინ ის მათ მოეპყრობა, როგორც საკუთარ ქონებას. ჩვენ, როგორც სახელმწიფო უწყებას, აღარ გვექნება უფლება, მას ისეთი რამ მოვთხოვოთ, რაც მის, როგორც მესაკუთრის ინტერესებს ეწინააღმდეგება. თუმცა, ცხოველების ყოლის შემთხვევაში, დაცული უნდა იყოს ნორმატიული აქტების მოთხოვნები, კერძოდ, უნდა არსებობდეს რეგისტრირებული ადგილი ან ზოოპარკი და ამ შემთხვევაში ასეთი რამ უკვე არსებობს“, - განაცხადა სტროდემ.

თუ აუქციონზე მყიდველები არ გამოჩნდებიან, დათვებისთვის შეიძლება სავალალო შედეგი დადგეს. სტროდემ განმარტა: „მაშინ ჩვენ ყველაზე რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება - ცხოველების ევთანაზია - მოგვიწევს“.

12 დეკემბერს, ბუნების დაცვის სააგენტომ, აუქციონის პორტალზე ორივე მურა დათვის გაყიდვის განცხადება განათავსა. საწყისი ფასი 1700 ევროა, ყოველი მომდევნო ბიჯი კი - 50 ევრო. განაცხადის შეტანა 22 დეკემბრამდეა შესაძლებელი, ხოლო აუქციონი 5 იანვარს ჩატარდება. მაგრამ გახსოვდეთ: დათვი მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა გყავდეთ და არა მხოლოდ საშობაოდ.

წყარო: 1 არხი