ევროკომისიის მიერ 19 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც პარტნიორი ქვეყნების მხრიდან უვიზო მიმოსვლის ვალდებულებების დაცვას ეხება, წერია, რომ საქართველომ, საბოლოო ჯამში, შესაძლოა, უვიზო ქვეყნის სტატუსი მთლიანად დაკარგოს.
ანგარიშის მიხედვით, ევროკომისიამ შეშფოთება გამოხატა საქართველოში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სერიოზული დარღვევების გამო და არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, ამ საკითხების მოსაგვარებლად დაუყოვნებლივი ნაბიჯების გადადგმისა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისკენ.
"ამის მიუხედავად, საქართველომ ვიზა ლიბერალიზაციაზე დიალოგის დროს აღებული არაერთი ვალდებულება დაარღვია და ვერ დანერგა ვიზის შეჩერების მექანიზმის მეშვიდე ანგარიშის რეკომენდაციები. ამ უკუსვლის სისტემატური და მიზანმიმართული ბუნებიდან გამომდინარე, კომისია შესაბამის ზომებს განიხილავს შეცვლილი ვიზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, რომელიც ძალაში 2025 წლის 30 დეკემბერს შევა." - წერია ანგარიშში.
ამასთან, ევროკომისია აღნიშნავს, რომ პირველ ეტაპზე ვიზის შეჩერება შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურისა და ოფიციალური პასპორტის მფლობელებს შეეხოს, "რომლებიც ძირითადად პასუხისმგებელნი არიან კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად ნაბიჯების არ გადადგმაზე".
თუმცა, მეორე ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა, მთელ მოსახლეობაზეც გავრცელდეს, თუკი საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ საკითხებს არ მოაგვარებს.
"საბოლოოდ საქართველომ შესაძლოა, უვიზო სტატუსი მთლიანად დაკარგოს და გადაინაცვლოს ევროკავშირის იმ მესამე ქვეყნების სიაში, რომლებსაც ვიზა სჭირდებათ." - წერს ევროკომისია.
ამას გარდა, ანგარიშის საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ნაწილში ევროკომისია ასევე აღნიშნავს, რომ მაშინ, როცა პარტნიორების უმეტესობა აკმაყოფილებს ანტიკორუფციის მხრივ აღებულ ვალდებულებებს, "საქართველომ მანამდე გატარებული რეფორმები გააუქმა," ხოლო ზოგადად ქვეყანაში არსებობს "რუსულ გავლენასთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკები".