ტრადიციული ღია ცის ქვეშ ბაზრები, რომლებიც საფრანგეთში უძველესი დროიდან მოყოლებული ტრადიციაა, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანას ითხოვენ – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

ინდუსტრიის პროფესიონალებმა უკვე შეაგროვეს 1800 ხელმოწერა პეტიციაზე, რომელიც ჯერ საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ უნდა განიხილოს.

ხალხი ამ ბაზრებზე არა მხოლოდ ახალი ფერმის ხილის, ბოსტნეულის, ყველის და ძეხვეულის შესაძენად მიდის. ეს ასევე შესაძლებლობაა, გაცვალონ მოსაზრებები, მისცენ რჩევები და ესაუბრონ ტრეიდერებსა და სხვა მყიდველებს. როგორც ინდუსტრიის ფედერაციაში აცხადებენ, ბაზარი არ არის მხოლოდ ადგილი, სადაც ადამიანები საყიდლებზე დადიან, ეს არის შეხვედრების ადგილი, სადაც სოციალური კავშირები მყარდება.

გარდა ამისა, ასეთი ადგილები ფერმერებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა გაყიდონ თავიანთი პროდუქცია, ხოლო მყიდველებისთვის - მიიღონ მაღალი ხარისხის საქონელი ხელსაყრელ ფასად.