ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2026 წლის იანვარ-აგვისტოს ბიუჯეტის შესრულების ოპერატიული ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, წლის პირველ 8 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით 15.4 მილიარდი ლარი შევიდა, რაც 9 თვის გეგმის 90.5%-ის შესრულებას ნიშნავს.
გადასახადების სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოგების გადასახადში დაფიქსირდა, სადაც 9 თვის გეგმის 97.8% შესრულდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი დამატებული ღირებულების გადასახადზე მოდის - 90.1%.
იანვარ-აგვისტოში კონკრეტული გადასახადებიდან ბიუჯეტში მიღებული შემოსავლები ასე ნაწილდება:
-
დღგ — 5.75 მლრდ ლარი, 9 თვის გეგმის 90.1%;
-
საშემოსავლო გადასახადი — 5.55 მლრდ ლარი, 91.2%;
-
მოგების გადასახადი — 2.38 მლრდ ლარი, 97.8%;
-
აქციზი — 1.77 მლრდ ლარი, 90.1%;
-
იმპორტის გადასახადი — 108.9 მლნ ლარი, 97.2%.
ბიუჯეტის სხვა შემოსავლების ნაწილში მნიშვნელოვანი ადგილი დივიდენდებს უკავია, რომელთა მოცულობამ 571 მილიონი ლარი შეადგინა, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 127%-ია. აღნიშნული თანხის ძირითადი ნაწილი ეროვნული ბანკის მიერ გადახდილ დივიდენდზე მოდის.
კომერციულ ბანკებში მთავრობის დეპოზიტებზე დარიცხულმა საპროცენტო შემოსავალმა 221 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 9 თვის გეგმის 109%-ია. პრივატიზებიდან მიღებულმა შემოსავალმა კი 117 მილიონი ლარი შეადგინა და გეგმის 82% შესრულდა.
რაც შეეხება ვალდებულებების მოზიდვას, მთავრობის მიერ იანვარ-აგვისტოში მიღებულმა თანხამ 3.07 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 9 თვის გეგმის 85%-ია.
ამ თანხიდან 1.26 მილიარდი ლარი ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების - სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების - გამოშვებით იქნა მოზიდული, რაც გეგმის 91%-ს შეადგენს. საგარეო ვალდებულებების მოზიდვით მიღებულმა თანხამ კი 1.8 მილიარდი ლარი შეადგინა, ანუ 9 თვის გეგმის 81.5%.