საქართველოს ხელისუფლება 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის კიდევ ერთხელ გადახედვას და გაზრდას გეგმავს,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ბიუჯეტის 6 თვის შესრულების საკითხი განიხილეს.
მისი თქმით, წლის დასაწყისში ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 5.5%-ით იყო განსაზღვრული, თუმცა ეკონომიკური აქტივობის მოსალოდნელზე მაღალი ტემპის გამო პროგნოზი უკვე 6.3%-მდე გაიზარდა.
კაკაურიძის ინფორმაციით, პირველი კვარტლის ეკონომიკურმა ზრდამ 9% შეადგინა, აპრილში 6.2%, მაისში 6.4%, ხოლო ივნისში 8.6%. მისი განცხადებით, წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით, რეალური ეკონომიკური ზრდა 7.9%-ს შეადგენს. ამასთან, ივლისში ზრდის მაჩვენებელმა 8% შეადგინა.
„უფრო მაღალი ეკონომიკური აქტივობიდან გამომდინარე, ჩვენ განვაახლეთ ეკონომიკური პროგნოზი და განახლებული პროგნოზით ეკონომიკური ზრდა წელს 6.3% იქნება წლის ბოლომდე, თუმცა ვფიქრობთ, ეკონომიკური ზრდა უფრო მეტი, 6.5-7% იქნება“, – განაცხადა კაკაურიძემ.
2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უკვე გაზარდა საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც. მარეგულირებელმა პროგნოზი 5%-დან 6.5%-მდე შეასწორა. 6.5%-მდე გაზარდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც, რომელმაც ივნისში მაჩვენებელი 5.3%-დან 6.5%-მდე გადახედა.