საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2025 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 189,820 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 8.00%-ზე უცვლელი დატოვა. შესაბამისად, 189,820-მდე მსესხებელს არ შეეცვალა სესხზე ყოველთვიური შენატანი.

189,820 ხელშეკრულებიდან, რაოდენობრივად უმეტესი ნაწილი იპოთეკური და სამომხმარებლო სესხებია (82%). 16% მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხებია და დიდ ბიზნესზე ჯამური ხელშეკრულებების 2%-ია გაფორმებული.

ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 15.4 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. იპოთეკური სესხების მოცულობა 4.5 მლრდ. ლარს შეადგენს და სამომხმარებლო სესხებზე 2.7 მლრდ. ლარი არის გაცემული.  მცირე და საშუალო ბიზნესზე ყველაზე დიდი მოცულობის სესხია გაცემული (5.1 მლრდ ლარი), ხოლო დიდ ბიზნესზე 3.0 მლრდ. ლარი.  

ლარში გაცემული და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხის საშუალო მოცულობა 54,895 ლარს, სამომხმარებლო სესხის 36,553 ლარს, მცირე და საშუალო ბიზნესზე 166,091-ს და დიდ ბიზნესზე გაცემული სესხის მოცულობა 967,133 ლარს შეადგენს.

2023 წლის დასაწყისიდან ინფლაცია მნიშვნელოვნად მცირდებოდა და 2024 წლის ოქტომბრის თვეში 0.3% შეადგინა. თუმცა, შემდეგ თვეებში გაიზარდა და 2025 წლის თებერვალში 2.4% შეადგინა. რეფინანსირების განაკვეთი ანალოგიურ პერიოდში 11%-დან 8.00%-მდე შემცირდა და შემცირება დაიწყო 2023 წლის მაისიდან. ბოლო დროს ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება და გაუარესებული ეკონომიკური მოლოდინები წნეხს ჰქმნის ინფლაციის ზრდაზე მომდევნო თვეებში. თუმცა, მეორე მხრივ მოსალოდნელია ერთობლივი მოთხოვნის შემცირება.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მომდევნო თვეებში მოსალოდნელი მივიღოთ გაზრდილი ფასები და შემცირებული შემოსავალი რაც მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუარესებს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 30%-ით შემცირდა 1,334 მლნ. აშშ დოლარამდე 2024 წლის მდგომარეობით და მოსალოდნელია შემცირება მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდეს. ასევე, მცირდება უცხოური ვალუტის შემოდინების სხვა წყაროები (გრანტები და პროგრამები),რაც აისახა ბოლო დროს ლარის გაცვლითი კურსის გაზრდილ მერყეობაზე და შექმნა გაუფასურების მოლოდინი. პრობლემებია ტურიზმის სექტორშიც. მეორე მხრივ, შემცირებული ეკონომიკური აქტივობიდან გამომდინარე მოსალოდნელია მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირება, რაც შეასუსტებს ერთობლივ მოთხოვნას. შესაბამისად ამ ეტაპზე რეფინანსირების განაკვეთის შენარჩუნება ლოგიკური ნაბიჯი იყო, რადგან საგარეო და შიდა გამოწვევების ფონზე მონეტარული პოლიტიკის შერბილების პოტენციალი არ არსებობს.