საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 2025 წელს თვიურ ჭრილში ₾247, ხოლო  შრომისუნარიანი მამაკაცის შემთხვევაში ₾279 შეადგინა.

ამ კალკულაციისა და მეთოდოლოგიისთვის ხშირად საქსტატს  აკრიტიკებენ. რეალურად პრობლემა ფორმულაშია. საარსებო მინიმუმის კალათა 2003 წლის მაისში შევარდნაძის პრეზიდენტობის დროსაა შედგენილი და მას შემდეგ არ შეცვლილა.

საარსებო მინიმუმი არის თანხა, რომლითაც ადამიანმა პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება უნდა შეძლოს. კანონით პირდაპირ განსაზღვრული არაა, თუმცა იდეაში, ზოგადი პოლიტიკის მიხედვით პენსიები და სხვა სოციალური გასაცემელები რეალურ საარსებო მინიმუმთან უნდა იყოს თავსებადი.

მეთოდოლოგია და რაციონი

დღეს 279 ლარით რომ ცხოვრება შეუძლებელია და ეს თანხა რომ საბაზო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლადაც არასაკმარისია, სავარაუდოდ არავინ დავობს, მაგრამ ამის მიუხედავად 23 წლის წინანდელი მეთოდოლოგია ისევ არ იცვლება. დღიურ რაციონში ისევ 10 გრამი ღორის ხორცი, 15 გრამი მაკარონი და 20 გრამი ლობიოა.

განმარტების თანახმად, მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას შეიცავს.

დაანგარიშება მხოლოდ 40 დასახელების საკვებ პროდუქტზე კეთდება. მასში სხვადასხვა დოზით შედის ხორცეულიც, თევზეულიც, ბოსტნეულიც, რძის ნაწარმიც, ხილიც, თუმცა არ შედის შოკოლადი. ჩამონათვალში ვხვდებით ჩაის, მაგრამ ვერ ვნახულობთ ყავას.

ცხრილის მიხედვით, შრომისუნარიანმა კაცმა დღიურად 2300 კილოკალორია უნდა მიიღოს, ეს მაშინ, როცა 35 წლის და 80 კგ წონის მქონე კაცის რეკომენდებული დოზა მსუბუქი აქტივობის დროს 2500კილოკალორიაა, წონისა და აქტივობის მატებასთან ერთად იზრდება საჭირო კალორიულობის ოდენობაც. ორსულ ქალსაც მესამე ტრიმესტრში საშუალოდ 2400-2600 კილოკალორია ესაჭიროება. ის ფაქტი, რომ 2300 კილოკალორია ბევრისთვის არასაკმარისია, თავად მინისტრის ბრძანებაშია (ცხრილი #3) დადასტურებული.

ცალ-ცალკე პროდუქტზე ფასების დათვლის შემდეგ, საქსტატი მიღებულ შედეგს ე.წ. შევაჭრების კოეფიციენტით 0.87-ზე ამრავლებს, რაც შევაჭრების შედეგად, პროდუქტზე 13%-იან ფასდაკლებას გულისხმობს. 2000-იანი წლებისგან განსხვავებით ყოველდღიურ მოხმარებაში ბაზრობების გამოყენების წილი, სადაც შევაჭრება შესაძლებელი იყო, შემცირებულია. სუპერმარკეტში შევაჭრება არ ჭრის, თუმცა მის ერთგვარ ალტერნატივად შესაძლოა ფასდაკლების აქციები მივიჩნიოთ.

მაინც რა შედის საარსებო მინიმუმის კალათაში და რა დოზირებით?

საარსებო მინიმუმის კალათა

წყარო: საკანონმდებლო მაცნე

არასაკვები პროდუქტისთვის „სამყოფი“ 84 ლარი

საარსებო მინიმუმის დათვლისას ასევე მიჩნეულია, რომ საერთო ხარჯების 70% საკვებ პროდუქტს უნდა მოხმარდეს, რომელიც დასახელებების მიხედვით იანგარიშება. დანარჩენი 30% კი მექანიკურად ემატება. ასე იანგარიშება საარსებო მინიმუმის ოდენობა.

279 ლარის 70% 195 ლარია, დარჩენილი 30% კი შესაბამისად 84 ლარი. ამ ფორმულით გამოდის, რომ ადამიანმა თვეში საკვებზე 195 ლარი უნდა დახარჯოს, ხოლო ყველა სხვა დანარჩენ პროდუქტსა და მომსახურებაზე 84 ლარი უნდა იკმაროს.

უკეთ აღქმისთვის, იგივე მიდგომა რომ 10 ლარის მაგალითზე განვიხილოთ, ადამიანმა 7 ლარი საკვებში უნდა დახარჯოს და 3 ლარი სხვა არასასურსათო პროდუქტებში.

საკვების გარდა საქსტატის მეთოდოლოგიაში მითითებული და ჩამოთვლილი არ არის სხვა რა ხარჯი ესაჭიროება ადამიანს საარსებოდ. თუმცა ამის თქმა საქსტატის მეთოდოლოგიის გარეშეც შეგვიძლია. გამოდის, რომ 84 ლარი უნდა იმყოფინოს შემდეგ საჭიროებებზეც:

  • კომუნალურ გადასახადებზე,
  • ჰიგიენის საშუალებებზე,
  • მგზავრობაზე,
  • გართობაზე,
  • ფეხსაცმელზე,
  • მკურნალობაზე,
  • ბინის ქირაზე [თუ არ აქვს საცხოვრებელი]
  • მედიკამენტებზე,
  • ტანსაცმელზე…

ერთი სამსულიანისთვის უფრო ნაკლები ვიდრე სამი ერთსულიანისთვის

ერთი სამსულიანი ოჯახი ზოგადად იმაზე ნაკლებს მოიხმარს, ვიდრე სამი ერთსულიანი ოჯახი ერთად. მრავალსულიან ოჯახში ხარჯების ნაწილი საერთო ხდება. 2021 წლამდე საქსტატი ცალ-ცალკე ითვლიდა ერთსულიანს, ორსულიანს, სამსულიანს, ოთხსულიანს და ხუთსულიანს კიდევ ერთ კატეგორიაში მითითებული იყო „ექვსსულიანი და მეტი.“ ჩაშლა ან იმის განმარტება, თუ რამდენით შეიძლება გაზრდილიყო თანხა ყოველ დამატებით წევრზე, აღარ ყოფილა. ცხადია ექვსსულიანი ოჯახისა და ათსულიანის ხარჯები, თანაბარი მინიმალური მოხმარების პირობებშიც განსხვავებული იქნება.

სანამ ჩაშლა კეთდებოდა, ხუთსულიანი ოჯახის ხარჯი ერთსულიანისას 2.25-ჯერ აღემატებოდა (საშუალო მომხმარებლისას და არა სრულწლოვანი მამაკაცისას), ამ ლოგიკით, 2025 წელს 5-სულიანი ოჯახის ხარჯი თვეში 555 ლარი უნდა ყოფილიყო.

2013-2025 წლებში ჯამურმა ინფლაციამ 73% შეადგინა, თუმცა საარსებო მინიმუმის ოდენობა ნომინალურად 90%-ით გაიზარდა, ამის მიზეზი კი საკვები პროდუქტების უფრო სწრაფი გაძვირება გახდა.

ვრცლად ნეტგაზეთზე