დინოზავრის ნამარხი, რომელიც თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმის კოლექციებში ინახებოდა, ახალ სახეობად იქნა იდენტიფიცირებული. ქალას ფრაგმენტი ეკუთვნოდა *Invictibellatrix amberina*-ს — აქამდე უცნობ მტაცებელ დინოზავრს, რომელიც დაახლოებით 120 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ეს, ამავდროულად, ევროპაში მეგარაპტორების ჯგუფის დინოზავრის არსებობის პირველი დადასტურებული მტკიცებულებაა.
ეს ნამარხი თავდაპირველად აღმოაჩინა მოყვარულმა პალეონტოლოგმა რეჯინალდ უოლტერ ტულიმ, კუნძულ უაიტის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე, კლდის ძირში. 1924 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ, ბუნების ისტორიის მუზეუმმა მისი კოლექციიდან 1000-ზე მეტი ეგზემპლარი შეიძინა, მათ შორის — აღნიშნული ფრაგმენტიც.
მართალია, მეცნიერებმა იცოდნენ, რომ ის დინოზავრს ეკუთვნოდა, მაგრამ თუ კონკრეტულად რომელს, ეს ათწლეულების განმავლობაში გამოცანად რჩებოდა.
ახლა მკვლევრებმა კომპიუტერული ტომოგრაფიის ტექნოლოგიის გამოყენებით კიდევ ერთხელ შეისწავლეს ნამარხი, რამაც მათ საშუალება მისცა, გამოეკვლიათ მისი შიდა სტრუქტურა და შეექმნათ 3D მოდელი. კვლევის სრული შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Royal Society Open Science.
„T.rex–ზე უფრო საშიში“
პროფესორი პოლ ბარეტი, ბუნების ისტორიის მუზეუმის მკვლევარი და კვლევის წამყვანი ავტორი, აღნიშნავს: „მიუხედავად იმისა, რომ კუნძულ უაიტზე 200 წელზე მეტია, რაც ნამარხებს აგროვებენ, ის კვლავაც გვაოცებს დინოზავრების ახალი სახეობებით; ამასთან, მტაცებელი დინოზავრების — მაგალითად, Invictibellatrix-ის — აღმოჩენა განსაკუთრებით იშვიათი და რთული საქმე იყო“. „მსგავსი ნამუშევრები ცხადყოფს ისტორიულ მუზეუმის კოლექციებთან მუშაობის განსაკუთრებულ ღირებულებას, სადაც ჯერ კიდევ მრავალი აღმოჩენაა შესაძლებელი“, — დასძინა მან.
სახელწოდების მიუხედავად, მეგარაპტორები არ იყვნენ ისეთი პატარა, ფრინველის მსგავსი დინოზავრები, როგორებსაც ჩვეულებრივ სიტყვა „რაპტორთან“ ვაკავშირებთ. ბუნების ისტორიის მუზეუმის ცნობით, ისინი უფრო დიდი ზომის მტაცებლები იყვნენ, რომლებიც უფრო ახლოს იდგნენ ტირანოზავრებთან; მათ ჰქონდათ „ვიწრო თავები“, „გრძელი წინა კიდურები“ და „გიგანტური, მოხრილი ბრჭყალები“.
ვარაუდობენ, რომ Invictibellatrix amberina-ს სიგრძე 3-დან 4 მეტრამდე (10–13 ფუტი) იყო, ხოლო სიმაღლე — დაახლოებით 1,5 მეტრი (5 ფუტი). იგი ცარცული პერიოდის დასაწყისში ბინადრობდა — დროს, როდესაც ხმელეთის ეკოსისტემებში დინოზავრები ბატონობდნენ.
მკვლევრებმა ასევე გამოთქვეს ვარაუდი, რომ მას შესაძლოა ბუმბული ჰქონოდა, თუმცა მისი ზუსტი გარეგნობა კვლავ გაურკვეველი რჩება. ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის (UCL) დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა დეპარტამენტის მკვლევრის, დოქტორ კასიუს მორისონის თქმით, ამ სახეობის წარმომადგენლები, სავარაუდოდ, პატარა დინოზავრებით, ხვლიკებითა და ძუძუმწოვრებით იკვებებოდნენ - რაც კვებით ჯაჭვში ისეთ ნიშას იკავებდა, როგორსაც დღეს აფთრები იკავებენ.
„ის თავისი დროის უმაღლესი რანგის მტაცებელი არ ყოფილა, თუმცა ადამიანებისთვის ეს დინოზავრი ტირანოზავრზე (T. rex) უფრო სახიფათო იქნებოდა. ჩვენ მისთვის იდეალური ზომის ნადავლი ვიქნებოდით — დაახლოებით მისი სხეულის მასის მესამედი. ის, უდავოდ, დაგვედევნებოდა. ტირანოზავრი კი ამას არც შეეცდებოდა, რადგან მისთვის ზედმეტად პატარები ვიქნებოდით“, — განმარტავს დოქტორი კასიუს მორისონი, რომელმაც კვლევას უხელმძღვანელა.
ეს აღმოჩენა განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან მეგარაპტორანები მანამდე აზიაში, ავსტრალიასა და სამხრეთ ამერიკაში იყვნენ აღმოჩენილი, ევროპაში კი — არასდროს დადასტურებულად.