საქართველოში 6 წელზე მეტი ხნის მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება, მაგრამ 5.6-ჯერ გაძვირდება ამ ასაკის ავტომობილების განბაჟება.

გადაწყვეტილება მიღებულია.

ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5-ლარიანი ტარიფი, ნაცვლად დღეს არსებული 80 თეთრისა.

რა გავლენას იქონიებს განბაჟების გაძვირება ბაზარზე? – „ბათუმელები“ საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ალექსი ნონიაძე ესაუბრა.

  • ბატონო ალექს, როგორ აფასებთ გადაწყვეტილებას  აკრძალვის ნაცვლად განბაჟების ტარიფის 5.6-ჯერ გაიზარდოს?

მომხმარებლისთვის არაფერი არ შეცვლილა ამ გადაწყვეტილებით, ისევე როგორც ავტოიმპორტიორისათვის.

თუ მომხმარებლისთვის არაფერი არ იცვლება და მოთხოვნა მცირდება, შესაბამისად ეს აზარალებს ავტოიმპორტიორსაც.

ავხსნი რატომ.

პირველად შეზღუდვა იყო ფიზიკური, ან თუნდაც სამართლებრივი, როგორ გინდათ ისე დავარქვათ. მეორეა ფინანსური  შეზღუდვა.

პირველად ფიზიკურად უზღუდავდნენ ექვს წელზე მეტი ავტომობილის რეგისტრაციას, ახლა იმდენად მაღალია განბაჟების ვალდებულება, გამოდის, რომ ფინანსური შეზღუდვებია.

ჩვენ მოქალაქეს რომ ჰქონდეს ასეთი მაღალი მსყიდველუნარიანობა, რომ 2016 წელს გამოშვებულ მანქანაში ასეთი მაღალი ფასი გადაიხადოს რასაც ითხოვენ, რატომ იყიდის მაშინ ამ ასაკის მანქანას?

იყიდის ისეთ მანქანას, რომელიც ექვსწლიან ცენზში ჩაჯდება.

გადაწყვეტილების მიმღებ პირებს წესით ეს უნდა სცოდნოდათ. პირდაპირ გეუბნებით.

ერთი რეგულაციის გატანით და მეორე რეგულაციის შემოტანით, როგორც გითხარით, არაფერი არ იცვლება მომხმარებლისთვის – ეს არის „თხა ვიყიდე, თხა გავყიდე“ ვარიანტი.

ალექს ნონიაძე

  • თქვენი აზრით, ეკონომიკურ მიზნებს ემსახურება ეს ცვლილებები თუ გარემოს დაცვას, თუ რას ემსახურება?

თავისუფლად შემიძლია გითხრათ, რომ მეორე გადაწყვეტილება გარემოსთან კავშირში აღარ არის. თუ მე უფრო ძვირი უნდა გადავიხადო და მაინც უნდა ვიარო [ძველი მანქანით], ეს ეკოლოგიას არ დააზიანებს?

თავიდანვე იციან, რომ ჩვენი მოსახლეობა ვერ არის მსყიდველუნარიანი. 90 – 95%-ს არ აქვს ექვს წელზე ქვემოთ ავტომობილის შეძენის შესაძლებლობა.

ასეთი ფორმით ცდილობენ, სავარაუდოდ, შეამცირონ ავტომობილების რაოდენობა ქუჩაში, მაგრამ ის ძველი ავტომობილები ხომ რჩება?

განახლებას ვერ დაექვემდებარება ეს ავტომობილები, ანუ კიდევ უფრო გააუარესებენ გარემოს და დააბინძურებენ? კიდევ უფრო მიეჯაჭვება ადამიანი თავისი ძველი ავტომობილის, იმიტომ, რომ ვერ შეცვლის, არ აქვს ამის ფინანსური შესაძლებლობა.

ეს გადაწყვეტილება ეკონომიკურად გვაზარალებს კიდევაც.

კომპანიების 40%-მდე დაიხურება, დილერების 50-60% უმუშევარი დარჩება. ამ ადამიანების უკან ოჯახებია, შემოსავალია, ეს საერთო მსყიდველობითუნარიანობაზე ნეგატიურად აისახება.

  • ეს ცვლილება როგორ იმოქმედებს მეორადი ავტომობილების იმპორტზე საქართველოში?

როგორც იმპორტზე, ისე რეექსპორტზეც იმოქმედებს. მართალია წერია, რომ არ იმოქმედებსო, მაგრამ რეექსპორტზეც იმოქმედებს.

ყაზახი და ყირგიზი დილერი თუ დაინახავს, რომ განბაჟება ძალიან ძვირი გიჯდება, ის დაელოდება სამთვიან საშეღავათო პერიოდს [იმპორტირებული მანქანის განსაბაჟებლად 3 თვეა საქართველოში] და მაშინ მოგაკითხავს, როცა უკვე განბაჟების დრო დაგიდგება.

ახალი რეგულაციით ოთხმაგად და ხუთმაგად უძვირდება განბაჟების ვალდებულება ქართველ დილერს. კოლოსალურ თანხებზე გადის ერთი ავტომობილი. შეიძლება ვერ გადაიხადოს და იძულებული გახდეს, რომ ნაკლებ ფასში გაატანოს რეექსპორტზე. ფაქტობრივად, ამით ხელში ვუგდებთ ბაზარს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

რადგან ან უნდა განაბაჟოს ან დაატერმინალოს – შემოსავლების სამსახურის სპეციალურ ტერმინალში დააყენოს მანქანა. ტერმინალზე შეყვანის შემთხვევაში, ყოველდღიური გადასახადია.

ან როდემდე ეყოლება ტერმინალზე? მინდა გითხრათ, რომ პირველი აკრძალვა უფრო ჰუმანური იყო, ვიდრე განბაჟების ამხელა გადასახადის დადება დილერისთვის.

რას იზამს დილერი? ერთს იზარალებს, მეორეს იზარალებს  და მესამე-მეოთხეზე მიხვდება, რომ ექვს წელზე მეტი ხნის ავტომობილის ჩამოყვანის რისკი ძალიან მაღალია. პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად ეს იმოქმედებს რეექსპორტზე.

ჩვენი ინფორმაციით, უკვე მომზადებულია კანონპროექტი, რომელიც ექვს წელზე ზემოთ ავტომობილების განბაჟებასაც აძვირებს. შედარებით უმნიშვნელო იქნება ეს გაძვირება, მაგრამ თანხა მაინც იმატებს.

  • თქვენი აზრით, შესაძლოა თუ არა ამ გადაწყვეტილებამ შექმნას ბაზარზე ავტომობილების დეფიციტი?

სწორად შენიშნეთ. ეს ერთ-ორ თვეში და შეიძლება ერთ წელიწადში არ მოხდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩვენ ტრანსპორტის დეფიციტსაც მივიღებთ. გვექნება მოცემულობა, როცა ახალ ავტომობილებს არ შემოიყვანენ და შესაბამისად, ავტოპარკი არ განახლდება.

  • როგორ აისახება ეს ცვლილებები საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებზე?

საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეზე აისახება იმგვარად, რომ თუ გაძვირდება ტრანსპორტი, გაძვირდება სატრანსპორტო ხარჯებიც. თუ სატრანსპორტო ხარჯები გაძვირდება, გაიზრდება ნებისმიერი პროდუქციის თვითღირებულება და ფასები, მათ შორის პურზე, პირველადი მოხმარების საგნებზე და ასე შემდეგ.

ეს პირდაპირი გზაა ინფლაციისკენ.

რაც შეეხება ავტომობილებს. შიდა ბაზარზე არსებული ძველი ავტომობილები რაც იქნება, კიდევ უფრო გაძვირდება.

რადგან მოთხოვნა მეტი იქნება.

85% ვერ შეძლებს ავტომობილის შეძენას, უცებ ვერ გამდიდრდება. შეიძლება 5-6%-მა დროთა განმავლობაში ბანკის ვალებით მოახერხოს და ექვს წელზე ზემოთ ავტომობილი შეიძინოს, მაგრამ პრობლემა იქნება ის, რომ მერე დეფიციტი შეიქმნება.

  • თქვენი აზრით, 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილებზე განბაჟების თანხის გაზრდა, რამდენად გაზრდის ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების პოპულარობას?

შორ მანძილზე სვლის რესურსი რომელ ელექტროავტომობილსაც აქვს, ის ძვირია.

მაგალითად, თბილისიდან ბათუმამდე რომ ჩამოვიდეს, ასეთი ავტომობილი ღირს ძვირი. რაც არ უნდა იაფი იყოს ასეთი ავტომობილების განბაჟება, მაინც ძვირია.

რიგით მოქალაქეს ამის ფუფუნება არ აქვს.

თუ შეიძენს ისეთ ავტომობილს, რომელიც ერთი დამუხტვით, მოკლე მანძილზე გადაადგილდება, ის იაფია, მაგრამ მას აქვს მთავარი მინუსი – ხშირად სჭირდება დამუხტვა.

პირადად გამოვცადე – ერთი კვირის განმავლობაში, მეგობრის ავტომობილი მყავდა და სულ რიგში ვიდექი, რომ ყოველ საღამოს როგორმე დამეტენა. ეს ძალიან დიდ დისკომფორტია, როცა არ არის დასამუხტი ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული.

მსგავს ავტომობილს მხოლოდ ქალაქში თუ გამოიყენებ, შორ მანძილზე ვერ გადაადგილდები.

  • რა განწყობებია ახლა ამ ცვლილებებთან დაკავშირებით თქვენს სფეროში? რა მოლოდინები გაქვთ? გამოსავალს სად ხედავთ?

ერთადერთი გამოსავალია ამ შემთხვევაში  – განბაჟების თანხა განახევრდეს მაინც.

რადგან ეს რაც დააწესეს, მაღალი ტარიფია.

  • შესაბამისი პეტიცია ხომ არ გაქვთ სფეროში დასაქმებულებს ან ხელმოწერებს ხომ არ აგროვებთ?

იცით საკმაოდ რთული საკითხია. ძალიან ბევრ ადამიანს, ამ სფეროში დასაქმებულს, ოფიციალურად გამოჩენა არ სურს, არ ვიცი რატომ, ვერ გეტყვით.

ჩემი აზრია, რომ უნდა ვემუშავოთ პარლამენტს. ეს კანონპროექტი ხომ უნდა შევიდეს პარლამენტში დასამტკიცებლად, ეს სიტუაცია უნდა გამოვიყენოთ აქტივობისათვის.

  • თქვენი აზრით,  ვინ იგებს ამ საკანონმდებლო ცვლილებით?  

ამ შემთხვევაში მარტივი პასუხია და შემიძლია ერთი სიტყვით გითხრათ: ყაზახები და ყირგიზები.

რეექსპორტის დიდი ნაწილი მოდის ყაზახეთზე და ყირგიზეთზე, რასაც თავიდან ბოლომდე აითვისებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

როგორ გითხრათ, ზეიმი აქვთ, რადგან ჩვენ ამ წრიდან ჩავეხსენით და გარკვეული შეზღუდვები დაგვიწესეს.

batumelebi.netgazeti.ge