Google, Tesla და მონაცემთა ცენტრების დეველოპერი Verrus იმ კომპანიებს შორის არიან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ელექტროენერგიის ქსელი სრულად არ გამოიყენება, და სურთ, ამის შესახებ ყველამ, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსებმა, იცოდნენ.

ამ სამმა კომპანიამ სხვა ტექგიგანტებთან ერთად ახალი გაერთიანება შექმნა სახელწოდებით “Utilize”, რათა ეს მესიჯი გაავრცელონ. კოალიციად პოზიციონირებული ორგანიზაცია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის ქსელის უმეტესი ნაწილი ჯერ კიდევ უმოქმედოა და აგებულია პიკური მოთხოვნების სამართავად, რომლებიც იშვიათად ხდება. ამისთვის კი მომხმარებლები კილოვატ-საათზე იმაზე მეტს იხდიან, ვიდრე საჭიროა. ამ ფაქტს სხვადასხვა უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრების მონაცემებიც ადასტურებს.

ორგანიზაცია, რომელმაც ოფიციალურად უკვე დაიწყო საქმიანობა, ელექტროენერგიის ქსელის აშენებისა და გამოყენების წესების შეცვლას ემხრობა. ჯგუფის თქმით, ამ თავისუფალი რესურსის უფრო ჭკვიანურად გამოყენების ტექნოლოგიები უკვე არსებობს. მათ შორისაა: ბატარეების შენახვის სისტემები, მოთხოვნის მართვა და ვირტუალური ენერგოსადგურები. ეს ის ტექნოლოგიებია, რომლებიც ბოლო ათწლეულში სწრაფად განვითარდა, თუმცა ჯერ კიდევ არასაკმარისად გამოიყენება. 

Utilize აცხადებს, რომ იმუშავებს ისეთი პოლიტიკის მხარდასაჭერად, რომელიც ახალი ტექნოლოგიების ფართო გამოყენებას შეუწყობს ხელს, რაც თავად მონაწილე კომპანიებსაც სარგებელს მისცემს.

კოალიციის თითოეული წევრი ენერგოსისტემის სხვადასხვა სეგმენტს წარმოადგენს.

მომწოდებელთა მხარეს Tesla – ყიდის ბატარეებსა და მზის პანელებს, Span ქმნის ჭკვიან ელექტროპანელებს, რომლებიც ენერგიის დატვირთვის ცვლილებაზე რეალურ დროში რეაგირებენ, Carrier აწარმოებს თბურ ტუმბოებს, ხოლო Sparkfund და Renew Home დისტრიბუციულ ენერგორესურსებს ქმნიან და აერთიანებენ.

მომხმარებელთა მხარეს კი Google და Verrus დგანან – კომპანიები, რომლებსაც უზარმაზარი ენერგია სჭირდებათ, რათა მათი სერვერები მუდმივად მუშაობდეს. 

მაინც რატომ ზრუნავენ Tesla და Google ამ საკითხზე? – კოალიციის წევრობა ორივე კომპანიისთვის სტრატეგიულად გამართლებულია. Tesla-ს ენერგეტიკული განყოფილება მისი ყველაზე სწრაფად მზარდი ბიზნესი გახდა, Google-ის მოტივაცია კი უფრო პირდაპირია – კომპანიის ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრის მშენებლობა ელექტროენერგიის უზარმაზარ მოთხოვნას ზრდის, გასულ წელს მან 4.75 მილიარდი დოლარი დახარჯა მონაცემთა ცენტრებისთვის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შესაძენად. ქსელის სიმძლავრის განთავისუფლება Google-ის მსგავს კომპანიებს საშუალებას მისცემს უფრო სწრაფად დააკავშირონ ახალი გადამცემი ხაზები წლების ლოდინის გარეშე.

ელექტროენერგიის ქსელის რეგულირების წესების შეცვლა გრძელვადიანი პროცესია, მაგრამ თუ ეს პროცესი ახლა არ დაიწყება, შესაძლოა მერე გვიანი იყოს.

www.marketer.ge