„საქართველო გახდება ძველი მანქანების სასაფლაო. დაიწყება იმპორტი დამტვრეული მანქანებისა, რომელიც იქნება მოძველებული – 15 და 20-წლიანი მანქანების ნაწილების მომმარაგებელი. და უცბად დავინახავთ, მანქანების პარკის გამოცოცხლების ნაცვლად საქართველოში, სინამდვილეში, ივლის 6 წლის მანქანები მცირე რაოდენობით და ჩარჩება ბაზარზე, ტრასაზე ივლის 15-20 წლის ევროპული მანქანები. ეს კიდევ უფრო გააუარესებს ეკოლოგიას,“ – ეს მოლოდინი აქვს პოლიტიკოსსა და ეკონომისტს, რომან გოცირიძეს „ოცნების“ ახალ გადაწყვეტილებაზე – „ქართული ოცნების“ მთავრობა აპირებს აკრძალოს 6 წელზე მეტი ხნის ავტომანქანების იმპორტი საქართველოში.

რა ეფექტი ექნება ამას და ვინ იხეირებს აკრძალვით? – „ბათუმელებმა“ რომან გოცირიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო რომან, თქვენი აზრით, რა შედეგზეა გათვლილი „ოცნების“ ახალი ინიციატივა? 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების იმპორტი იკრძალება. 

როდესაც „ქართული ოცნება“ რაიმე გადაწყვეტილებას იღებს, პირველი კითხვა უნდა დაისვას ასე: ვის ინტერესებს ემსახურება ეს? პრიორიტეტები ასეა: საკუთარი გამორჩენა და კლანის ინტერესები ნებისმიერ გადაწყვეტილებაში, თუნდაც იგივე უნივერსიტეტების შეერთება-არ შეერთების საკითხზე.

ამის შემდეგია უკვე პოლიტიკური ეფექტი. შეიძლება, შეფუთონ პროპაგანდისტულად, თითქოს მოსახლეობისთვის სარგებელი მოაქვთ.

  • გვითხრეს უკვე, რომ ეს გადაწყვეტილება საგზაო მოძრაობის გადატვირთულობის პრობლემას მოაგვარებს, ანუ საცობებსო. ასევე, მიზანია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. 

აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება არის ქალაქის განტვირთვის მექანიზმი, რომ ადამიანებმა ნაკლები მანქანა იყიდონ – ანუ ქალაქის განტვირთვა, ნაკლები გამონაბოლქვი იქნება მანქანებისგან და ვითომ ბუნებაზე ზრუნვა, მაგრამ რატომ ხდება ასე, რომ თბილისი გაუვალია? ხუთ წელიწადში საერთოდ რა მოხდება, არავინ იცის.

ჩემი აზრით, არც ეს გადაწყვეტილება არაფერს არ უშველის გადატვირთულობას.

თბილისში, „ქართული ოცნების“ კლანმა, სადაც კი რაიმე სადგომის მოწყობა შეიძლებოდა, ცათამბჯენები ჩადგა. წარმოიდგინეთ, ფიზკულტურის ინსტიტუტი, „ლოკომოტივის“ სტადიონის წინ – ამაზე ეკოლოგიური და უკეთესი ადგილი თბილისში არ არსებობდა და რა უყვეს? – დაანგრიეს ფიზკულტურის ინსტიტუტი და დეპუტატმა კორპუსები წამოჭიმა, რომელიც ახლა პარლამენტში ზის.

ქალაქის ცენტრი გადაივსო „ოცნებასთან“ დაკავშირებული ბიზნესმენების მიერ აშენებული კორპუსებით: დაწყებული წყნეთიდან და ბაგებიდან, დამთავრებული ორთაჭალამდე.

იგეგმება ცათამბჯენების აშენება ვაკე-საბურთალოს გზაზე, გვერდით ივანიშვილმა გაყიდა იპოდრომის ტერიტორია. ნავთობმპორტიორი კლანის ნაწილი აშენებს ცათამბჯენებს. სამედიცინო უნივერსიტეტთანაც კი, ცათამბჯენებს აშენებენ. ცათამბჯენებს აშენებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ადგილას – ანგრევენ იქაურობას და საცხოვრებელი კორპუსები იქნება…

რომან გოცირიძე

ზოოპარკთან 200 მეტრში უკვე ივანიშვილის კორპუსია, რომელიც ახლა ნაკაშიძეს და ვიღაც რუს ბიზნესმენებს მიჰყიდა. აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზეც შენდება ცათამბჯენები, ანუ იმდენი რამ შენდება ქალაქის ცენტრში, თანაც, ეს არის ელიტური ბინები და თითოეულ ოჯახში მხოლოდ ერთი მანქანა არ იქნება. ამ კორპუსებში ერთ ოჯახში ერთიც იქნება და სამი ავტომანქანაც.

ამას ემატება ტრანსპორტის ქსელის არასწორი დაგეგმარება.

ხელისუფლებამ ფული რომ იშოვოს, ქალაქებს უზღუდავს სასუნთქ სივრცეს. თბილისი გადაიქცა თავკომბალად – საქართველოში მოსახლეობა 3,7 მილიონია და მილიონ-ნახევარზე მეტი უკვე თბილისშია თავმოყრილი. მანქანების უდიდესი ნაწილიც თბილისშია.

  • ამ აკრძალვით „ოცნებას“ რა ეკონომიკური სარგებელი ექნება? 

ეს ახალი გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ ახალ და ახალთან მიახლოებულ ავტომობილების იმპორტიორებს გაუჩნდება ფული. ასეულობით მილიონები, რომლებიც 10 წლამდე მანქანის შემოტანაში იხარჯებოდა, გადაინაცვლებს ახალ მანქანებში. ადამიანი იძულებული გახდება, რომ დაიკლოს საჭმელი, სასმელი, ოჯახს დააკლოს ფული და იყიდოს ძვირიანი ავტომანქანა, იყიდოს იმ ბიზნესიდან, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ არის დაკავშირებული.

ასევე, არაა გამორიცხული დაბალფასიანი ჩინური ავტომობილების იმპორტიც მოიაზრებოდეს ხელისუფლების ინტერესებში.

როდესაც ადამიანს არ შეუძლია 10-წლიანი მანქანის გამოცვლა, ის 10-წლიანი მანქანა ხვალ 11-წლიანი გახდება და 4 წლის შემდეგ – 15-წლიანი. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ საქართველო აივსება ამორტიზებული, კატალიზატორებგამოცლილი, ძველი მანქანებით.

საქართველო გახდება ძველი მანქანების სასაფლაო. დაიწყება იმპორტი დამტვრეული მანქანებისა, რომელიც იქნება მოძველებული – 15 და 20-წლიანი მანქანების ნაწილების მომმარაგებელი.

და უცბად დავინახავთ, მანქანების პარკის გამოცოცხლების ნაცვლად საქართველოში, სინამდვილეში, ივლის 6 წლის მანქანები მცირე რაოდენობით და ჩარჩება ბაზარზე, ტრასაზე ივლის 15-20 წლის ევროპული მანქანები. ეს კიდევ უფრო გააუარესებს ეკოლოგიას.

  • ტექნიკურ შემოწმებას თუ ვერ გაივლის და აეკრძალებათ ძველი ავტომანქანების გამოყენება? 

ეს უკვე სოციალურ აფეთქებას გამოიწვევს. ადამიანები ამ მანქანებით არსებობენ, შოულობენ ფულს. საუბარია არა მარტო ტაქსისტებზე, არამედ ამ მანქანებით გადაადგილებასა და მცირე ბიზნესზე, საშუალო ბიზნესზე, რაც ავტომანქანის გარეშე წარმოუდგენელია.

„ოცნება“ მიიღებს განბაჟებისას მეტ შემოსავალსაც, ვინაიდან ბიუჯეტს უჭირს, იმიტომ, რომ 6-წლიანი მანქანის განბაჟება სხვა არის, ვიდრე 10-წლიანის. მეორეს მხრივ კი, ეს იქნება ზეწოლის მოხდენის ინსტრუმენტი იგივე ტექნიკური შემოწმებით მოქალაქეებზე. ეს იქნება მოქალაქეებზე გავლენის მოპოვების კიდევ ერთი დამატებითი ბერკეტი.

  • როგორ, თუ არ მოსწონხარ „ოცნებას“, ვერ გაივლი შემოწმებას და ავტომანქანის გარეშე დარჩები? 

დიახ. ამიტომაც ხან სტანდარტს დაგიწერენ, ხან – დაგიბლოკავენ. ეს იქნება პოლიტიკური მანიპულაციის შედეგი.

კიდევ ერთი გვერდითი მოვლენა: ელემენტარულად მოხდება ის, რაც ხდება რუსეთში ახლა: იყიდიან ავტომანქანას, გადაიტანენ სომხეთში, სომხეთში განაბაჟებენ, აიღებენ სომხურ ნომრებს და სომხურნომრიანი მანქანებით გაივსება თბილისი… როგორც კი რუსეთში დაიწყება და თუ გახსნილი იქნება აზერბაიჯანთან საზღვარი, უამრავი რუსულნომრიანი მანქანით გაივსება ქვეყანა.

ჩვენი მოქალაქე იძულებული გახდება ეს გააკეთოს, რადგან ის ვერ იყიდის 6 წლის მანქანას და შემოიტანს ისევ 10 წლის მანქანას და სომხურად გააფორმებს.

სხვადასხვა სქემა შეიძლება აქ აეწყოს და იძულებული ხდები, რომ ამაში ჩაერთო.

  • არ უშვებთ, რომ შესაძლოა, მართლა საცობებისგან დიდი ქალაქების განტვირთვა გადაწყვიტა „ოცნებამ“? 

მოსახლეობა გაბრაზებულია. ყოველ საცობში კალაძეს აგინებენ. ბათუმში მერი ვინაა, კაცმა არ იცის და ვის შეაგინონ, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით საცობების შემცირების შანსი არის ნული. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, ქალაქგანვითარების დღევანდელი მდგომარეობით, როდესაც ქალაქის ცენტრში უზარმაზარი ცათამბჯენები შენდება, ავტომობილების რაოდენობა ნებისმიერი პირდაპირი, თუ შემოვლითი გზით მაინც გაიზრდება.

1994 წელს ვიყავი საბერძნეთში. მაშინ შემოიღეს ასეთი წესი ათენში, რომ ერთ დღეს უნდა ევლო ქალაქში ლუწ მანქანებს, მეორე დღეს – კენტ მანქანებს. თავიდან ამან უშველა, მაგრამ მერე დაიწყო ის, რომ ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა, ყიდულობდა ორ მანქანას. პირიქით, ამან გამოიწვია სამანქანო პარკის ზრდა. გარდა ამისა, საბერძნეთში მაღალი კორუფციაა: საშვები გაიცა ვითომ ექიმებზე, ვითომ სასწრაფო პროფესიებზე და ფაქტობრივად, ზუსტად ერთ-ორ წელიწადში იმდენად გაიზარდა მანქანების პარკი, რომ საერთოდ შეწყვიტეს ეს.

ლონდონმა როგორ მოუარა გადატვირთულობის პრობლემას, ყველამ ვიცით: ქალაქის ცენტრში თუ შეხვალ, უზარმაზარი ფული უნდა გადაიხადო. ჩვენთან, თბილისში კი, ტროტუარებზეც კი კორპუსებს აშენებენ, უკვე შანსი აღარ არსებობს ქუჩების გაფართოებისა. თბილისის ცენტრი ხდება საცობი.

batumelebi.netgazeti.ge