იტალიის ქალაქ რიმინიში მიმდინარე Routes Europe 2026-ის ფარგლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ და კომპანია TAV Georgia-მ არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს როგორც მოქმედ, ასევე ახალ ავიაკომპანიებთან.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, ფორუმის ფარგლებში მთავარი ყურადღება ახალი მიმართულებების დამატებასა და არსებულ რეისებზე სიხშირეების გაზრდაზე გამახვილდა.

„სამი დღის განმავლობაში 45-ზე მეტი შეხვედრა გვაქვს ჩანიშნული როგორც აეროპორტების, ისე ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან. ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრები უახლოეს მომავალში პოზიტიურ შედეგს გამოიღებს. იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრები საქართველოში ტურიზმსა და მგზავრთნაკადზე პოზიტიურად აისახება. კვლავ განვაგრძობთ ახალი ავიაკომპანიების შემოყვანას საქართველოს ავიაბაზარზე და არსებული მიმართულებების გაზრდას,“- განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ფორუმში, რომელიც ევროპის საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პლატფორმად მიიჩნევა, 65-ზე მეტი ქვეყნიდან 100-ზე მეტი წამყვანი ავიაკომპანიისა და აეროპორტის წარმომადგენელი მონაწილეობს.

ფორუმის პირველივე დღეს ქართულმა მხარემ 18 შეხვედრა გამართა ისეთ ავიაკომპანიებთან, როგორებიცაა Finnair, easyJet, Volotea, Condor, Vueling, Air Serbia Lot Polish Airlines . ასევე გაიმართა შეხვედრები ბრიუსელისა და ლიონის აეროპორტების წარმომადგენლებთან.

სამდღიანი ფორუმის ფარგლებში საერთო ჯამში დაახლოებით 45 შეხვედრაა დაგეგმილი, სადაც მთავარი აქცენტი ახალი ბაზრების ათვისებაზე, არსებული მიმართულებების დივერსიფიკაციასა და საქართველოს საავიაციო და ტურისტული სექტორების განვითარების შესაძლებლობებზე გაკეთდება.

ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს