საქართველოში ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხი შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს, თუ ქვეყანამ ახალი ენერგეტიკული პროექტების განხორციელება არ დააჩქარა - ამის შესახებ კომპანია “ბემონის” მმართველმა პარტნიორმა, გიორგი მირცხულავამ BMG-სთან განაცხადა.

მისი თქმით, ახალი სიმძლავრეების გარეშე, საქართველო იძულებული იქნება ყოველწლიური დეფიციტი მეზობელი ქვეყნებიდან - სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან იმპორტით შეავსოს.

„ბემონის“ მმართველი პარტნიორი ყურადღებას მეზობელი ქვეყნების სტატისტიკაზეც ამახვილებს და აცხადებს, რომ რეგიონში ენერგეტიკული პროექტების მშენებლობა მაღალი ტემპით მიმდინარეობს, საქართველო კი ამ კუთხით საგრძნობლად ჩამორჩენილია.

მისივე შეფასებით, 2026 წელი დარგისთვის გარდამტეხი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკარგული დრო ქვეყანას მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს.

“ელემენტარულ არითმეტიკასთან მივდივართ: თუ ჩვენ არ ავაშენეთ და არ შემოვიყვანეთ ახალი სიმძლავრეები, ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა, რომელიც არ გვაქვს, უფრო და უფრო შემცირდება და ვიქნებით დამოკიდებული მეზობელ ქვეყნებზე: სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი და ა.შ. იმიტომ, რომ ფიზიკურად ჩვენ უნდა შევავსოთ ის დეფიციტი, რაც წლიდან წლამდე გვექნება.

ამის ერთადერთი წამალი, რაზეც ქართულ ენერგეტიკაში მოღვაწე აბსოლუტურად ყველა ადამიანი ბოლო 20 წელია ლაპარაკობს, არის დამატებითი სიმძლავრეების შემოყვანა. ეს არის ჰესები, ეს არის ქარი, ეს არის მზე. თუ ჩვენ ეს სამი ძირითადი შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ გამოვიყენეთ, წლიდან წლამდეა ჩვენი დამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე გაიზრდება და წლიდან წლამდე ჩვენ უკან-უკან დავიწევთ. თეთრი შურით მშურს, როცა ვუყურებ სტატისტიკას მეზობელი ქვეყნების და ვხედავ იქ, როგორ მიდის ჰესების მშენებლობა, მიდის ქარის ახალი სადგურების შეყვანა, მზის სადგურების და წლიდან წლამდე ძალიან მაღალი ტემპით მიდიან წინ. ჩვენ კი საკმაოდ ჩამორჩენილები ვართ ამ კუთხით და დიდი იმედი მაქვს, რომ წლევანდელი წელი იქნება გარდამტეხი, იმიტომ რომ თუ ჩვენ წლევანდელი წელიც გავუშვით ფუჭად და რეალურად არ დაიძრა პროექტები, რომლის განხორციელების საშუალებაც საქართველოში გვაქვს, ჩვენ უკვე ძალიან უკან აღმოვჩნდებით ამ კუთხით,”- ამბობს კომპანია “ბემონის” მმართველი პარტნიორი გიორგი მირცხულავა.

bm.ge