"შუა დერეფნის პოტენციალი გაცილებით მეტია, ვიდრე არსებული ინფრასტრუქტურის პოტენციალი", - ამის შესახებ ვარნას პორტის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა ტიჰომირ თოდოროვმა "ექსპო ჯორჯიაში" მიმდინარე ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.

თოდოროვმა ყურადღება როგორც ზოგად გამოწვევებზე, ასევე ბულგარეთის ინფრასტრუქტურულ ნაკლოვანებებზეც გაამახვილა. მისი თქმით, პრობლემაა, რომ ბულგარეთში ახალი ინფრასტრუქტურის ნაკლებობაა.

“ასევე გამოწვევაა პროცესის დიგიტალიზაცია. ძალიან ბევრი ფურცელია, მოთხოვნები კი თითოეული ქვეყნის შემთხვევაში განსხვავებულია. მაგალითად, ბულგარეთსა და შუა კორიდორის მონაწილე სხვა ყველა ქვეყანას შორის სხვაობაა მოთხოვნებში. ბევრი სასაზღვრო, საბაჟო მოთხოვნებია. დიგიტალიზაცია კი არ არის იმ დონეზე, როგორც საჭიროა. შედეგად, მონაცემების მიმოცვლა არ არის სწრაფი”, - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, ვარნას პორტის წარმომადგენლის განცხადებით, პრობლემაა დერეფანში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ნაკლებობაც, - “არ არის საკმარისი რკინიგზა. ვიცი, რომ რკინიგზაში უზარმაზარი ინვესტიციები იდება... ფასები ამჟამად არც ისე კონკურენტუნარიანია“, - დასძინა მან.

მანვე აღნიშნა, რომ ბულგარეთისთვის შუა დერეფანს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

“ჩემთვის, როგორც ბულგარეთის უდიდესი - ვარნას პორტის წარმომადგენლისთვის, შუა დერეფნის ინიციატივა არის უდიდესი მნიშვნელობის, ჩვენ ახალი კორიდორის უდიდეს პოტენციალს ვხედავთ. ჩვენი მიზანი კიდევ უფრო მეტად მონაწილეობაა ამ ინიციატივაში. დაახლოებით 10 დღის წინ ბულგარეთის და ყაზახეთის პრეზიდენტებმა გააფორმეს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რათა გაიზარდოს თანამშრომლობა ამ ინიციატივაში ჩართულობის თვალსაზრისით. ასე რომ, ახლა ბულგარეთში მთავრობის პოლიტიკა ითვალისწინებს იმას, რომ ერთმანეთს დაუკავშირდნენ ქვეყნები ყაზახეთიდან ბულგარეთამდე და ბულგარეთიდან ევროპამდე ამ კორიდორის საშუალებით”, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, ვარნას პორტის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი საქართველოში საგამოფენო სივრცე "ექსპო ჯორჯიაში" მიმდინარე ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე დასასწრებად ჩამოვიდა. აღნიშნული ღონისძიება "ექსპო ჯორჯიასა" და საკონსულტაციო კომპანია Savvy-ს თანაორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით ტარდება და მისი მიზანი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და სწრაფად მზარდი სექტორის განვითარების ხელშეწყობაა.

bm.ge