შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის ევროკომისიის მიერ „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ სტატუსის მინიჭებას, პროექტის ამ ეტაპამდე მისვლასა და საქართველოსთვის გაჩენილ პერსპექტივებზე რადიო „კომერსანტის“ ეთერში ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა, დავით მირცხულავამ ისაუბრა.

პირველი, რასაც დავით მირცხულავა ამბობს, ევროკომისიის გადაწყვეტილებას „ყველა ენერგეტიკოსი გულის ფანცქალით ელოდა“.

„ეს ეტაპი უკვე მანიშნებელია, რომ პროექტს სრულფასოვანი განხორციელების პერსპექტივა გაუჩნდა. თუმცა, ჯერ კიდევ მრავალი ეტაპია გასავლელი - ამ ეტაპზე გეოფიზიკური კვლევები მიმდინარეობს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ პროექტმა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი გადალახა და ის უფრო მიუახლოვდა და ძალიან ახლოს არის განხორციელებასთან“, - ამბობს დავით მირცხულავა.

მართალია, პროექტმა მნიშვნელოვანი ეტაპი გადალახა, თუმცა, როგორც დავით მირცხულავა აღნიშნავს, საქართველოსთვის მორიგი გამოწვევაა ის, რომ მხოლოდ სატრანზიტო ქვეყნად არ იქცეს.

„ხშირად ვადარებ ამ პროექტს თავისი მნიშვნელობით იმ პროექტებს, რომლებიც საქართველოში განხორციელდა - ეს არის შაჰდენიზის გაზის პროექტი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი. თავისი მასშტაბით ეს პროექტი უტოლდება და შესაძლოა, ჩვენი ქვეყნისთვის გაცილებით მეტიც იყოს. ამიტომაც, არ უნდა გავხდეთ მხოლოდ ტრანზიტული ქვეყანა. უნდა ვიყოთ ჩვენი განახლებადი გენერაციის გამტარი და გამომყენებელი და ამასთან დაკავშირებით უამრავი პრობლემაა გადასაწყვეტი. აუცილებელია, გარკვეული ტექნოლოგიური ნახტომიც კი განახორციელოს ქვეყანამ“, - აცხადებს დავით მირცხულავა.

ერთ-ერთ პრობლემად დავით მირცხულავა ხუდონს, ნამოხვანსა და ნენსკრას ასახელებს და ამბობს, რომ ამ პროექტების განხორციელება უკიდურესად მნიშვნელოვანია.