სამეწარმეო ვენახის გაშენების წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით, სექტორის წარმომადგენლების ნაწილი მიესალმება. 

კომპანია "ექიმის ბიო მარნის" დამფუძნებლის, მარინა კაკიაშვილი-რუაძის შეფასებით, სამეწარმეო ვენახის გაშენების წესის არსებობა ყველა დამწყები მევენახისთვის აუცილებელია, რათა ქვეყანამ ხარისხიანი ღვინო აწარმოოს.

როგორც სექტორის წარმომადგენელი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, საქართველოში აღნიშნული წესის დანერგვა  ფალსიფიცირებული პროდუქციის წარმოებას ხელს შეუშლის. ამასთან,  მარინა კაკიაშვილი რუაძის ცნობით, მცირე მარნებისთვის წესის აღსრულება შესაძლოა, ფინანსური თვალსაზრისით რთული იყოს, მაგრამ აუცილებელია. 

"ზოგადად, ვენახის გაშენება, აღდგენა-განახლება დიდ ცოდნას მოითხოვს. წესი ეხება ყველა იმ პირს, ვინც საქმიანობას ახლა იწყებს - ვფიქრობ, ახალი მევენახეებისთვის აღნიშნული  ცვლილება საჭიროა. თავად ვენახი 10 წელია გაშენებული მაქვს, ცხადია, უკვე აღრიცხულია და მაქსიმალურად ვცდილობ, ხარისხიანი პროდუქტი ვაწარმოო. დარწმუნებული ვარ, მკვეთრი ხარვეზები არ გვექნება, რადგან ღვინის ეროვნული სააგენტო ძალიან კარგად მუშაობს - სტატისტიკაც გვაქვს, ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია, ამ მიმართულებით საქართველოს მხრიდან დიდი სამუშაოები მიმდინარეობს. 

წესი უნდა არსებობდეს, იმისთვის რომ გაყალბება და ფალსიფიცირებული პროდუქციის წარმოება არ დაიწყოს - ვენახებიც და ყურძენიც აღრიცხული უნდა იყოს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ხარისხიანი ღვინის წარმოებას შეუწყობს ხელს", - აცხადებს მარნის დამფუძნებელი.

იმავე თემაზე "ბიზნესპარტნიორთან" "მარანი გელოვანის" დამფუძნებელი, აკაკი გელოვანიც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სამეწარმეო ვენახის გაშენების წესი უფრო მსხვილი მევენახეებისთვისაა აუცილებელი.

შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით სამეწარმეო ვენახის გაშენების წესი 27 აპრილს დამტკიცდა. დოკუმენტი განსაზღვრავს სამეწარმეო ვენახის გაშენებასა და აღდგენა-განახლებასთან დაკავშირებულ პრინციპებს და პირობებს.

ცნობისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩუმლაყში მდებარე, "ექიმის ბიო მარნის" ვენახი 1 ჰექტარზეა გაშენებული. მარანი ჯამში 3 ჯიშის ყურძნისგან 5 სახეობის ღვინოს აწარმოებს ესენია: საფერავი, რქაწითელი, ევროპულად დაყენებული საფერავი და როზე. კომპანია 2022 წელს იაპონიაში გავიდა, ხოლო 2024 წელს ინგლისში. 

წყარო: „ბიზნესპარტნიორი“