საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) აღმასრულებელი დირექტორი, ჯორჯ ველტონი, ე.წ. რუსული კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოსთვის შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე საუბრობს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ AmCham პოლიტიკური ორგანიზაცია არ არის, შექმნილი ვითარება ბიზნესორგანიზაციებს განცხადების გაკეთებას აიძულებთ - ამის შესახებ ველტონმა ბიზნესასოციაციების საერთო პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“თითოეული ჩვენგანი აპოლიტიკური ორგანიზაციაა და, როგორც წესი, მიმდინარე პრობლემებზე განცხადებებს არ ვავრცელებთ ხოლმე, ეს ჩვენთვისაც უცნაურია. თუმცა ახლა ვფიქრობთ, რომ მიმდინარე მოვლენების მნიშვნელობა გვაიძულებს, ეს გავაკეთოთ.

თუ ეს კანონი მიღებული იქნება, მას შეიძლება, ძალიან ბევრი ნეგატიური შედეგი მოჰყვეს. ერთ-ერთი ისაა, რომ ძალიან ბევრი პროგრამა, რომელიც საქართველოში დიდი ხანია ხორციელდება და დონორების მიერაა დაფინანსებული, შეჩერდება”, - ამბობს ჯორჯ ველტონი.

მისი თქმით, ამერიკის სავაჭრო პალატა განსაკუთრებით ახლოს იცნობს USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროგრამებს, რომლებიც საქართველოში კეთილ მიზნებს ემსახურება.

“USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას არაერთ სექტორში, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, ტურიზმი თუ განათლება, პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს. კითხვის გარეშეა, რომ ისინი კარგ მიზნებს ემსახურება, თუმცა მათი განხორციელება მნიშვნელოვნად გართულდება.

ვფიქრობ, ამ კანონის ინიციირებით მინიშნება, რომ ამ პროექტებში უცხო ძალის, დასავლელი მოკავშირეების ჩართულობა, პოტენციურად ცუდი შეიძლება იყოს, ნამდვილად შეაჩერებს საქართველოში უცხოურ ინვესტიციებს მაშინ, როდესაც უცხოური ინვესტიციები და ცოდნა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორებია”, - აღნიშნავს ის.

AmCham-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ კანონის მიღებით საქართველო ხელიდან უშვებს EU-ში გაწევრიანების შანსს.

“და ბოლოს, მთავარი ისაა, რომ საფრთხე ექმნება ევროკავშირის პოტენციურ წევრობას, რისი შანსიც, თაობაში ერთხელ დგება და საქართველოს გარდაქმნის შესაძლებლობას იძლევა, იქნება ეს განვითარების ტემპის აჩქარება, სამუშაო ადგილების შექმნა, ცხოვრების მაღალი სტანდარტების შექმნა თუ სხვა. ყველა ეს შესაძლებლობა, რაც ხელმისაწვდომია, კანონის მიღების შემთხვევაში, სავარაუდოდ, გაქრება”, - აცხადებს ჯორჯ ველტონი.

ცნობისთვის, რუსულ კანონთან დაკავშირებით საერთო პრესკონფერენცია საქართველოში მოქმედმა 9 ბიზნესგაერთიანებამ გამართა.

bm.ge