ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას ესტონეთი, სავარაუდოდ, დაკარგავს, რადგან ამ ტურნირზე რუსი სპორტსმენების დაშვებას ეწინააღმდეგება.

ფარიკაობის ევროპული კონფედერაცია (EFC), რომელიც ევროპაში სპორტის ამ სახეობის მმართველი ორგანოა, ითხოვს, რომ ესტონეთის მთავრობამ აგრესორი სახელმწიფოების, რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენებს შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება მისცეს.

„ამ მოთხოვნაზე უარის თქმა ტალინისთვის ივნისის ღონისძიების მასპინძლობის უფლების ჩამორთმევას გამოიწვევს“, - განაცხადა ესტონეთის ფარიკაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, აივარ პაალბერგმა. „EFC-მა მკაფიოდ მიგვანიშნა, რომ ესტონეთს ევროპის ჩემპიონატის გამართვის უფლება ჩამოერთმევა“, - აღნიშნა პაალბერგმა.

„ეს ჯერ ოფიციალურად არ მომხდარა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გლობალური პოლიტიკური ვითარება რადიკალურად შეიცვალოს. შესაბამისად, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში მომავალ წელს ტალინში არ ჩატარდება“, - დასძინა მან.

აივარ პაალბერგიესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR)

იგივე პოზიცია აქვს სპორტის ამ სახეობის საერთაშორისო მმართველ ორგანოს - ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციას (FIE). საინფორმაციო სააგენტო „დელფის“ ცნობით, FIE-მა განაცხადა, რომ თუ ესტონეთს შეჯიბრების მასპინძლობა სურს, მთავრობამ უნდა წარმოადგინოს ხელმოწერებითა და ბეჭდებით დადასტურებული წერილობითი შეტყობინება, რომელშიც ნათქვამი იქნება, რომ ტურნირის არც ერთი მონაწილე დისკრიმინირებული არ იქნება და ესტონეთის საზღვრის გადაკვეთის უფლება მათ ეროვნებისა და სამხედრო წოდების მიუხედავად მიეცემათ.

ამასობაში, ესტონეთის კულტურის სამინისტროს, რომლის კომპეტენციაში სპორტიც შედის, ესტუმრა EFC-ის დელეგაცია, რათა გაეგო, გაიცემოდა თუ არა ასეთი საგარანტიო წერილი.

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციის შემდეგ, კულტურის სამინისტროს პასუხი ცალსახა იყო: ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს.

„ესტონეთის სახელმწიფო ვერ გასცემს დასტურის წერილს იმ გარანტიით, რომ ყველას, ვისაც ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა სურს, საზღვრის გადაკვეთის უფლება მიეცემა“, - განაცხადა სამინისტროს გენერალური მდივნის მოადგილემ სპორტის დარგში, რაიდო მიტმა.

„მთავრობის პოზიცია მკაფიოა: აგრესორი სახელმწიფოების სპორტსმენებზე ვიზები არ გაიცემა. ამ საკითხში არსებობს ნულოვანი ტოლერანტობა და გამონაკლისები არ დაიშვება“, - აღნიშნა მიტმა.

პაალბერგიც ადასტურებს, რომ მართალია, ვიზიტის შემდეგ EFC-ის პრეზიდენტმა, პასკალ ტეშმა ღონისძიების ორგანიზაციული მხარით კმაყოფილება გამოთქვა, მაგრამ „ერთი მოთხოვნა მაინც შეუსრულებელი რჩება - შეჯიბრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა სპორტსმენს არ ექნება, ფარიკაობის ევროპული კონფედერაციის პრინციპებიდან გადახვევა კი შეუძლებელია“.

2023 წლის შემოდგომაზე გამართულ EFC-ის კონგრესზე ტალინმა 42-დან 24 ხმა მიიღო და ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვა.

ბოლო წლებში, ესტონეთს ფარიკაობაში საკმაო წარმატებები ჰქონდა, განსაკუთრებით - დაშნით მოფარიკავე ქალთა კატეგორიაში. ამ გუნდმა 2021 წელს გამართულ ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, კატრინა ლეჰისმა იმავე თამაშებზე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედალი აიღო, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე მედლის მიღებამდე კი ნელი დიფერტს სულ ცოტა დააკლდა.

წყარო: 1 არხი