„პროფესიული მიმართულება თავისი არსით, თავისი განსაზღვრებით ყველაზე ახლო არის დასაქმების და შრომის ბაზართან, არ არის თეორიაზე ორიენტირებული, არ მოიცავს კვლევას, ეს მოიცავს კონცენტრირებას იმ უნარებზე, რაც გჭირდება პროფესიაში“, - ამის შესახებ Skillwill-ის დამფუძნებელმა გიორგი მარიამიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „შენობით ბიზნესთან“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საჭიროა პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და „რომანტიზება“, რაზეც კოლეჯი უკვე მუშაობს.

Skillwill-ის დამფუძნებელმა ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკაში ტექნოლოგიების როლზეც. გიორგი მარიამიძის თქმით, საქართველოს მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში წამყვანი როლი „მაღალ ინტელექტუალურ სფეროებს უნდა ჰქონდეთ“. მისივე თქმით, ამ მიმართულებით სახელმწიფოს სწორი პოლიტიკა აქვს.

გთავაზობთ ინტერვიუს მცირე შემოკლებით:

გიორგი, გვიამბე, რა კონცეფციაზე არის აგებული მთლიანად Skillwill-ის ასე ვთქვათ იდეოლოგია?

Skillwill-ის მისია არის, რომ ადამიანების ცხოვრება შეცვალოს უკეთესობისკენ, ამიტომ დავაფუძნეთ, ამიტომ არსებობს ეს კომპანია და უკვე რა თქმა უნდა, შემდეგი ეტაპია, როგორ გავაკეთოთ ეს, როგორ განვახორციელოთ და ამას ჩვენ ვაკეთებთ როგორც ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება - კოლეჯი. ჩვენი მთავარი პროფილი არის თანამედროვე ტექნოლოგიები, თანამედროვე პროფესიები და ვემსახურებით იმას, რომ ქართველ ახალგაზრდებს და არამარტო ახალგაზრდებს, ასევე იმ ადამიანებსაც, ვისაც სურთ მაგალითად, პროფესიის შეცვლა გავუკეთოთ მაქსიმუმი, ხელი შევუწყოთ იმაში, რომ დაეუფლონ თანამედროვე პროფესიებს და იყვნენ წარმატებულები.

პრაქტიკულ თეზისებზე რამდენად დიდი აქცენტი კეთდება - მაინტერესებს ჯამში Skillwill-ში როგორ ხდება ტექნოლოგიური თეზისების მიწოდება, შესწავლა და რამდენად არიან აქაური სტუდენტები ახლოს პრაქტიკასთან?

პრაქტიკა რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ცოტა უკან რომ დავბრუნდეთ, სანამ Skillwill-ს დავაფუძნებდი, ჩემი ბეგრაუნდი არის ბიზნესში და IT-ში, ტექნოლოგიებში. დავაფუძნე და ვმართავდი აუთსორსინგულ კომპანიას, შემდეგაც ზუსტად იმ მიმართულებით ვმუშაობდით, რომ ქართველ პროფესიონალებს ეძლეოდათ საშუალება, რომ დასაქმებული იყვნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ძირითადად დასავლეთში, დიდი ბრიტანეთი, ამერიკა ევროპა, ამ ბაზრებზე.

სწორედ ამ მიმართულებაში მუშაობის დროს შევიძინეთ ძალიან ღირებული გამოცდილება, იმ მხრივ, რომ გაგვეგო - დასავლეთის ბაზრებზე რა უნარები არის მოთხოვნადი, რას ეძებენ ისინი ადამიანურ კაპიტალში. სწორედ ამ გამოცდილების გადმოტანას ვცდილობთ და იმედია კარგად გამოგვდის Skillwill-ში, რომ სწორედ პრაქტიკაზე ორიენტირებული ყოფილიყო თავიდან ბოლომდე. ამიტომაც ავირჩიეთ პროფესიული მიმართულება და ამიტომაც ვართ ზუსტად კოლეჯი, რადგან პროფესიული მიმართულება თავისი არსით, თავისი განსაზღვრებით ყველაზე ახლო არის დასაქმების და შრომის ბაზართან, არ არის თეორიაზე ორიენტირებული, არ მოიცავს კვლევას. ეს მოიცავს კონცენტრირებას იმ უნარებზე, რაც გჭირდება პროფესიაში.

ჩვენი სლოგანიც ზუსტად ეგ არის, რომ ისწავლო ის, რაც მართლა გამოგადგება. რა თქმა უნდა, ახალი ცოდნაც უნდა შეიქმნას და არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც აკადემიური სფერო აინტერესებთ, უნდათ, რომ გამოიკვლიონ, ახალი რაღაცის გამოგონებაზე იმუშაონ. ჩვენ ვართ პრაქტიკაზე და ჩვენი სტუდენტების წარმატებაზე ორიენტირებული. მათი ცხოვრების გაუმჯობესებაზე ვართ ორიენტირებული და ამისთვის რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკა და ჩვენს აკადემიური პროგრამებში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის პრაქტიკას. მოთხოვნაც კი გვაქვს, რომ ის დავალებები, რომლებიც მისდის სტუდენტებს, იქიდან ნახევარზე მეტი აუცილებლად უნდა იყოს პრაქტიკული ხასიათის.

შენი აზრით, ქვეყნის ეკონომიკაში რა როლი აქვს ან უნდა ჰქონდეს ტექნოლოგიებს?

საქართველო არის მცირე ზომის ღია ეკონომიკა და ვფიქრობ, რომ შესაბამისად საქართველოსნაირ ეკონომიკაში მაღალ ინტელექტუალურ სფეროებს უნდა ჰქონდეთ წამყვანი როლი. ამ მიმართულებით ვფიქრობ, სახელმწიფო პოლიტიკა არის სავსებით სწორი, მიზანმიმართული და სწორედ ამ პოლიტიკამ გამოიღო ის შედეგი, რაც თქვენ ახსენეთ. 2019 წელს, მონაცემებს რომ გადავხედოთ, ტექნოლოგიური სფერო დიდად არ არსებობდა, ძალიან პატარა იყო, თუნდაც IT სექტორის მონაცემები, რომელსაც საქსტატი აქვეყნებს, ძალიან პატარა თანხა იყო. ასევე მეორე ინდიკატორია, რამდენი პროფესიონალი იყო დასაქმებული IT დეველოპმენტ სფეროში და აქ მნიშვნელოვანია განვასხვაოთ IT და აისიტი ერთმანეთისგან. აისიტიში საუბარია ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე და კომუნიკაციებზე. კომუნიკაციები კი არის ახლოს, მაგრამ სხვა სფეროა. უშუალოდ IT-ზე რომ ვისაუბროთ, ძალიან ცოტა ადამიანი იყო დასაქმებული. დაახლოებით 3500 ადამიანი იყო დასაქმებული. 2025-2026 წლის მონაცემებით, დასაქმებულების რაოდენობამ 50 00-ს გადააჭარბა და მეორეს მხრივ IT სერვისების ექსპორტიც გაათმაგდა.

ფაქტია, რომ სწორი ტრაექტორიით მივდივართ. ეს სფერო შეიქმნა, ვითარდება, სწორად მივდივართ და ვფიქრობ, ამაში სახელმწიფო პოლიტიკას ძალიან დადებითი და კარგი როლი აქვს ნათამაშები. კომპანიების შემოსვლაც ძალიან დადებითი ფაქტორია, რასაც მოჰყვა პროფესიონალების შემოსვლაც და ჩვენს ქართველ პროფესიონალებს აქვთ უკვე საშუალება, რომ ამათთან ერთად იმუშაონ და მათი გამოცდილება გაიზიარონ, თავიანთი დონე აიმაღლონ. ეს ეხმარება ჩვენს პროფესიონალებს.

www.bpn.ge