ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან საწვავის ახალი პარტია შეიტანეს. 15 აგვისტოს ენგურის ხიდი კიდევ სამმა საწვავმზიდმა გადაკვეთა. ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეომასალა მაია კალანდიამ და მარიამ სიჭინავამ გაავრცელეს.
ამავე დღეს განცხადება გაავრცელა კომპანია „რეპსოლმა“, რომლის ბენზინგასამართი სადგურების ქსელი საქართველოში „CONNECT“-ის სახელით ოპერირებს. კომპანიის ცნობით, მიმდინარე წელს მისგან ბენზინის ტიპის საწვავი შპს „სოლიდუსმა“ შეიძინა, პროდუქციის ღირებულება გადაიხადა და მის გატანას ეტაპობრივად ახორციელებს.
„რეპსოლის“ განმარტებით, კომპანია საბითუმო და კორპორატიული გაყიდვების ფარგლებში საქართველოში 3 000-ზე მეტ კომპანიას აწვდის ნავთობპროდუქტებს. კომპანიის პოზიციით, ის, თუ სად განახორციელებს „სოლიდუსი“ შეძენილი საწვავის შემდგომ რეალიზაციას, „რეპსოლთან“ არ თანხმდება და მისი პასუხისმგებლობის ფარგლებს სცდება.
კომპანია ასევე აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, შპს „სოლიდუსს“ მიღებული აქვს სპეციალური თანხმობა ოკუპირებულ აფხაზეთში ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად. „რეპსოლის“ განცხადებით, კომპანია საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო რეგულაციების დაცვით საქმიანობს.
გავრცელებული კადრების მიხედვით, საწვავმზიდებმა ენგურის ხიდთან მდებარე ქართული საგუშაგო გაიარეს. მედიის მიერ გავრცელებულ მასალაში არ არის დაკონკრეტებული, რა მოცულობის საწვავი გადაიტანეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და რომელი უწყების მიერ იყო გაცემული „სოლიდუსისთვის“ ნახსენები სპეციალური თანხმობა.