„ახლანდელი ეკონომიკური ზრდა ქაღალდზე ვირტუალური, უაღრესად რისკიანი და არამდგრადია“, - ასე აფასებს „ილიაუნის“ სრული პროფესორი, ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. მისი შეფასებით, ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია საერთაშორისო კომპანიების საბუღალტრო ოპერაციებთან, ნავთობის რეექსპორტთან და ქვეყანაში შემოსულ ნაცრისფერ ფულად ნაკადებთან, ხოლო ეკონომიკის რეალური ზრდა, საუკეთესო სცენარის შემთხვევაშიც, 3.5-4.5%-ის ფარგლებშია.

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6% შეადგინა, ხოლო პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.4% იყო.

გიორგი ხიშტოვანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში ეკონომიკის ცალკეული სექტორების ზრდას აანალიზებს და განმარტავს, რატომ მიიჩნევს ოფიციალურ მაჩვენებლებს ეკონომიკის რეალური მდგომარეობის სრულად ამსახველად არასაკმარისად.

„არ ეშვება ქართული ოცნება ეკონომიკური ზრდის გასაოცარ მაჩვენებლებზე ზღაპრების მოყოლას, შემდეგ, ბევრი ამ ზღაპრების გამეორებას იწყებს და საჭირო ხდება, შენც წერო ამ საკითზე. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ მონაცემები მიხედვით, საქართველოში ეკონომიკა 2026 წლის პირველ 6 თვეში 7,9%-ით გაიზარდა (პირველ კვარტალში, ზრდა 9% იყო, ხოლო, მეორე კვარტალში ზრდამ 6,9% შეადგინა).ქვემოთ არის ცხრილი, სადაც, ოფიციალური მონაცემებით გამოყენებით, ჩაშლილია ეკონომიკის ცალკეული სექტორების ზრდის ტემპი (სექტორები დალაგებულია ეკონომიკაში მათი ზომის მიხედვით). მაგ. პირველი ორი კვარტლის შედეგების მიხედვით, ზომით ყველაზე დიდი სექტორია ვაჭრობა (14,1%), რომელიც პირველ კვარტალში 5,5%-ით გაიზარდა, ხოლო, მეორე კვარტალში - 8%-ით).

რა სურათს ვხედავთ ამ ცხრილში?

• ზრდის უდიდესი წილი მოდის ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორზე; ყველა აღიარებს, რომ ამ სექტორში ზრდის უდიდესი ნაწილი მოდის ე.წ. საერთაშორისო საწარმოებზე, რომლებიც საქართველოში სარგებლობენ საგადასახადო შეღავათებით და როგორც ერთმა ჩემმა კოლეგამ კარგად დაახასიათა სიტუაცია, საქართველოში აქვთ შექმნილი „ბუღალტრული ჰაბი“; ანუ, საქართველოს იურისდიქციის გამოყენებით აღრიცხავენ მათ საერთაშორისო პროექტებს, ძირითადად, იმ მიზნით რომ არ გადაიხადონ გადასახადები. ვფიქრობ, პირველ 6 თვეში საქართველოში ეკონომიკის ვირტუალური ზრდის მინ. 2-2,5% ამ სექტორის ბუღალტრულ ზრდაზე მოდის;

• შევხედოთ მშენებლობისა და დეველოპმენტის სექტორებს ერთად (რომელიც ჯამში, ეკონომიკის დაახლოებით 16%-ს შეადგენს ანუ ვაჭრობასთან ერთად ეკონომიკის ერთ-ერთი უმსხვილესი სექტორია). აქ ვხედავთ, რომ დაახლოებით ნულოვანი ზრდა გვაქვს 2026 წლის პირველ ექვს თვეში (ცოტათი მცირდება მშენებლობა და ცოტათი იზრება უძრავო ქონების მართვა);

• შევხედოთ, ვაჭრობას; ზოგიერთი იტყვის, რომ აი, მაგალითად, ამ სექტორში ხომ ნამდვილად ჯანსაღი ზრდა ფიქსირდება; პირველ კვარტალში, 5,5% და შემდეგ, მე-2 კვარტლაში - 8%; უბრალოდ, აუცილებელია გვესმოდეს, საიდან მოდის ეს ზრდა. კერძოდ, საქართველო წინა წლის ბოლოდან, ჯერ ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა გახდა, ხოლო მას შემდეგ რაც ევროკავშირმა გვითხრა, რომ დაგვასანქცირებს, თუ რუსული ნავთობის გადამუშავებას გავაგრძელებთ, უცბათ, მეორე კვარტალში, ნავთობით აქტიურად მოვაჭრე ქვეყანა გავხდით; ანუ, როგორც მინ. მეორე კვარტლის 8%-იანი ზრდა, დიდწილად ნავთობის ვაჭრობით არის განპირობებული;

• შევხედოთ, მრეწველობას; აქაც, თუ ზემოთ ხსენებული ფაქტორებიდან გამომდინარე, პირველ კვარტალში დაახლოებით 500 მილიონი ლარის ნავთობის გადამუშავებასა და ექსპორტს ამოვაგდებთ, წლიური ზრდა, ჯამში, შეიძლება ნულოვანი იყო; აქვე ვიტყვი, რომ 2026 წლის პირველ 6 თვეში დაახლოებით 1,1 მილიარდი ლარის ნავთობის ექსპორტი განხორციელდა საქართველოდან; ვფიქრობ, აქაც, ზრდის 1-1,5%, ნავთობის ე.წ. რე-ექსპორტის შედეგი იქნება.

• სექტორები, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი არის დასაქმებული, სოფლის მეურნეობა და განათლება, ან მცირდება ან ერთ დონეზეა. და ზოგადად, გრაფიკის მარჯვენა მხარე (სექტორებში დასაქმებულთა რაოდენობა 2025 წლის მიხედვით) კარგად აჩვენებს, რომ სექტორები, რომლებშიც ყველაზე მეტი ადამიანი არის ქვეყანაში დასაქმებული, საკმაოდ რთულ მდგომარეობაში არის (რასაც, თავის მხრივ, დასაქმების სტატისტიკაც ადასტურებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში, წელს, მეორე კვარტლაში, უფრო ნაკლები ადამიანი არის დასაქმებული, ვიდრე 2024 წლის მეორე კვარტალში იყო).პარალელურად, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ სექტორებს, როგორიციაა მშენებლობა/დეველოპმენტი და ვაჭრობა, სტეროიდებზე ამყოფებს ქვეყანაში შემოსული ნაცრისფერი ფულადი ნაკადები, რომლებიც, ერთი მხრივ, სავარაუდოდ, მშენებლობა/დეველოპმენტის გავლით თეთრდება და მეორე მხრივ, ვაჭრობის სექტორში მოხმარების გზით ილექება. რა გვრჩება საბოლოო ჯამში ამ სპეც-ეფექტების გარეშე? ეკონომიკა, რომელიც თავისი ზომიდან გამომდინარე, ზომიერი ზრდის ფაზაშია (კარგ ვარიანტშიც, ეკონომიკა რეალურად 3,5-4,5%-ით თუ იზრდება) და იმისთვის, რომ სტაგნაციის რეჟიმში არ გადავიდეს (ცაკლე, რეალურად და ცალკე, ციფრებში) დამოკიდებულია:

• ICT კომპანიების ბუღალტრულ პრეფერენციებზე (რომ საქართველოს გავლით გაატარონ პროექტები და „ბუღალტრული ჰაბის“ ფუნქცია შეუნარჩუნონ საქართველოს);

• ნავთობის ექსპორტისას ბეწვის ხედზე გავლაზე (რომ ისე ვცადოთ რუსული და სხვა წარმომავლობის ნავთობის რე-ექსპორტი, რომ მაგ. ევროკომისიამ არ დაგვასანქციროს);

• ქვეყანაში საეჭვო კაპიტალის იმპორტის ისე განხორციელებაზე, რომ ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას არ დაემუქროს საფრთხე (კერძოდ, რომ ისე იფუნქცონირონ ქვეყანაში კრიპტო-გადამცვლელმა პუნქტებმა და ქოლ-ცენტრებმა, რომ ამან საფინანსო სექტორის დასანქციერება არ გამოიწვიოს);

• რუსული დიასპორის/ტურისტის/როსკომნადზორის კეთილგანწყობაზე, რომ რუსები დარჩენ/ჩამოვიდენ საქართველოში და არ აგვიკრძალონ რუსეთში პროდუქციის ექსპორტი;

• ირაციონალურ რწმენაზე, რომ მშენებლობის ბუშტის გაბერვით შესაძლებელი გახდება ამ ეკონომიკის თუნდაც ნელი ზრდის უვადოდ შენარჩუნება (კერძოდ, როდესაც არსებული წესებით, ერთი მხრივ, ბინის ყიდვა უფრო ადვილი გახდა ვიდრე მტვერსასრუტის და მეორე მხრივ, როდესაც ახალ დაწყებულ მშენებლობაში ინვესტირება 6-18 თვეში უძრავი ქონების გაყიდვის მიზნით ვადიანი ანაბრის რეალური კონკურენტი კვაზი-საბანკო ინსტურმენტი გახდა).

ზოგადად, მჯერა, რომ გასახარია, როდესაც საქართველოს ეკონომიკა სწრაფად იზრდება. თუნდაც ქართული ოცნების პირობებში. ოღონდ, ახლანდელი ზრდა ქაღალდზე არის ვირტუალური, უაღრესად რისკიანი და არამდგრადი. პარალელურად, დაბალი ლეგიტიმაციის პირობებში ის გახდა ქართული ოცნების პროპაგანდის მანქანის მაშველ რგოლი. ამიტომ, სავარაუდოდ, ამ ვირტუალური ზრდის პროპაგანდას ბოლო არ ექნება, რაც სავარაუდოდ, კარგად არ დამთავრდება ქართული ეკონომიკისთვის“, — წერს გიორგი ხიშტოვანი.