მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა პროექტი, რომლის საფუძველზეც “სააქციო საზოგადოების - საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ კანონი ძალადაკარგულად ცხადდება, ფონდი კი ლიკვიდაციას დაექვემდებარება.

როგორც მთავრობა განმარტავს, ფონდის ფუნქციების ინტეგრირება “აწარმოე საქართველოში“ ქოლგის ქვეშ მოხდება.

მთავრობის კანონის პროექტი განსახილველად ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს გადაეცა.

საქართველოს განვითარების ფონდის მიზნებია: კომერციულად მდგრადი პროექტების განხორციელება, მოგების მიღება და ფინანსური აქტივების ღირებულების გაზრდა; საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის ათვისება; ადგილობრივი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა სტრატეგიულ ეკონომიკურ სექტორებში საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად ფულადი და არაფულადი თანამონაწილეობით; ახალი პროექტების შემუშავება ან/და დაფინანსება და განხორციელებულ პროექტებში არსებული, ფონდის კუთვნილი წილის/აქციების განკარგვა.

წყარო: ინტერპრესნიუსი