გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ სოფლის მეურნეობის წლევანდელი მოსავლიანობა და ხარისხი შეაფასა. 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, წლევანდელი წელი გამორჩეულია სტრატეგიული პროდუქტის - ხორბლის მოსავალიანობითაც. გაზრდილია, როგორც საჰექტრო მაჩვენებელი, ასევე მაღალია ხორბლის ხარისხიც. სავარაუდო მონაცემებით, წელს ხორბლის რეკორდული რაოდენობის მოსავალიც იქნება.

შეგახსენებთ, ხორბლის მოსავლიანობის გაუმჯობესებაზე საუბრობენ მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციაშიც, თუმცა ბიზნესგაერთიანების ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ბენიაიძე ხაზს უსვამს, რომ რჩება გამოწვევები. ის ძირითად გამოწვევად იმას ასახელებს, რომ წისქვილები სასურსათო ხორბალს დაბალ, თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად იბარებენ.

ხორბლის გაზრდილ მოსავლიანობაზე მიანიშნებენ პურის მრეწველთა კავშირშიც. მათი ინფორმაციით, წელს ხორბლის მოსავალი, ჰექტარზე, საშუალოდ, 3.5 ტონა ფიქსირდება.

წელს ხორბლის რეკორდულ მოსავლიანობაზე გაამახვილა ყურადღება თავად სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამაც. 

მინისტრის მოადგილის, თენგიზ ნასარიძის მტკიცებით, მიმდინარე წელი გამორჩეულია სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსავლიანობით. მათ შორისაა მოცვი, რომლის წარმოების და ექსპორტის  რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. თენგიზ ნასარიძემ, ხაზი გაუსვა საქართველოდან მოცვის ექსპორტში ევროკავშირის წილს და  აღნიშნა, რომ მოცვი დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ფერმერებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემოსავალს წარმოადგენს. 

მოცვის და ხორბლის კულტურებთან ერთად, თენგიზ ნასარიძემ ყურადღება ატმის ექსპორტის და დაბინავების საკითხებზე გაამახვილა. მიის თქმით, დღეისათვის, დაახლოებით 16 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ატმის ექსპორტია განხორციელებული. სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილია ასევე შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში 30-40 ასეთი პუნქტი მუშაობს.