„ხორბლის მოსავალი, ჰექტარზე, საშუალოდ, 3.5 ტონა ფიქსირდება, რაც კარგი მაჩვენებელია“, - ამის შესახებ პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ ხორბლის მოსავლის დაბინავების მიმართულებით შექმნილი შტაბის წევრებთან და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრაზე პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ პურ-პროდუქტების მიმართულებით ქვეყანაში სტაბილური სიტუაციის შენარჩუნებაზე ისაუბრა.

„გასულ წლებთან შედარებით, წელს სიტუაცია უკეთესია. ხორბლის მოსავალი, ჰექტარზე, საშუალოდ, 3.5 ტონა ფიქსირდება, რაც კარგი მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია, რომ რაოდენობასთან ერთად გაზრდილია ხარისხობრივი მაჩვენებლებიც და შესაბამისად, მაღალი  ხარისხის ქართული ფქვილი გვექნება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, პურ-პროდუქტების მიმართულებით, ქვეყანაში სტაბილური სიტუაცია შენარჩუნდება“, - აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.

მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან სილაგავამ ხორბლის მოსავლის აღების პროცესის მართვაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შექმნილმა ხორბლის მოსავლის დაბინავების საკოორდინაციო შტაბმა პროცესის ორგანიზებულად წარმართვა და ფერმერებისთვის პროცედურების გამარტივება უზრუნველყო.