“სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა 10 წელია მიმდინარეობს და პროექტის საბოლოო ბედი კი ჯერ კიდევ გაურკვეველია. 18 თვის წინ რიონზე გადასასვლელი ხიდი ჩაინგრა და ჯერ აღდგენითი სამუშაოები არც დაწყებულა,”- ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ სამტრედიის ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, მამუკა ბიბილეიშვილთან ერთად, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალის დაუსრულებელ პროექტთან დაკავშირებით სამტრედიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ურუშაძის მტკიცებით, ეს პროექტი ნათელი მაგალითია, თუ რას იწვევს ხელისუფლების მიერ ქართველი ხალხის რესურსების მიტაცება, კორუფცია და კლანური მმართველობა.

“სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა ნათელი მაგალითია, რას იწვევს ივანიშვილის ხელისუფლების მიერ ქართველი ხალხის რესურსების მიტაცება, კორუფცია და კლანური მმართველობა. მშენებლობა 10 წელია მიმდინარეობს და 700 მილიონი ლარით მეტი, ანუ 4-ჯერ უფრო ძვირი გვიჯდება, პროექტის საბოლოო ბედი კი ჯერ კიდევ გაურკვეველია. 18 თვის წინ რიონზე გადასასვლელი ხიდი ჩაინგრა და ჯერ აღდგენითი სამუშაოები არც დაწყებულა. ხიდის აღდგენას და პროექტის დასრულებას  სახელმწიფო ბიუჯეტიდან  დამატებით 100 მლნ ლარი ესაჭიროება. რა არის ამ კორუფციისა და კლანური მართვის შედეგი? შეფერხება აღმოსავლეთ-დასავლეთ ავტომაგისტრალის გამართულ ფუნქციობაში, საცობები გურიის ტერიტორიაზე, ხელიდან გაშვებული უამრავი ბიზნეს-შესაძლებლობა, შექმნილი სამუშაო ადგილი, შემოსავალი ოჯახებში, საცობებით გაწვალებული ათიათასობით მგზავრი თუ ადგილობრივი, გამონაბოლქვით დაზიანებული გარემო და ჩვენი ჯანმრთელობა. როცა თავად ივანიშვილი და კობახიძე ვერტმფრენებით დაფრინავენ ხალხი საათობით საცობში დგას.  ეს მოაქვს კლანურ-მაფიოზურ მმართველობას და კორუფციას. და მთელი ქვეყნის მასშტაბით შედეგად ვიღებთ გაზრდილ ფასებს, გაღარიბებულ მოსახლეობას, საზღვარგარეთ გაქცეული ხალხს, გახლეჩილი ოჯახებს. მაგრამ „ქართული ოცნება“ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და არა ხალხზე. ესაა „ქართული ოცნება“, რომელიც თესავს ტყუილსა და სიძულვილს, აპირისპირებს საზოგადოებას, ყოფს ხალხს, ხლეჩს ოჯახებს და აიძულებს საზღვარგარეთ გაქცევას,” - განაცხადა ვასო ურუშაძემ. 

“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” სამტრედიის ორგანიზაციის თავმჯდომარე მამუკა ბიბილეიშვილი კი ამტკიცებს, რომ ავტომაგისტრალი ფულის საშოვნ დაზგად გადააქცია ხელისუფლებამ.

ბიბილეიშვილი ხაზს უსვამს რომ სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალი საერთაშორისო მნიშვნელობისაა, რომელზეც უნდა გაიაროს ევროპის გზამ.

“ივანიშვილის რუსულმა ხელისუფლებამ ფულის საშოვნ დაზგად გადააქცია ეს პროექტი, რომელიც არის საერთაშორისო მნიშვნელობის, რომელზეც უნდა გაიაროს ევროპის გზამ. მარტო ექსპერტიზაში ორი მილიონი ლარი დაიხარჯა და კიდევ რამდენი დაიხარჯება არავინ არ იცის. თუ კი ივანიშვილის ხელისუფლება დარჩა ხელისუფლებაში, ასეთ დაუსრულებელ პროექტებს მივიღებთ, ვერასდროს ვერ დასრულდება ვერცერთი წარმატებული პროექტი და ჩვენ ვიქნებით იზოლაციაში. საქართველოს მოქალაქეებმა 26 ოქტომბერს უნდა გააკეთონ არჩევანი ევროპულ კეთილდღეობაზე და უარი უთხრან სიღატაკეს იზოლაციაში, სადაც ყოველთვის იქნება დაუსრულებელი, წარუმატებელი პროექტები, კორუფცია და კლანური მმართველობა, რის ხარჯზეც მდიდრდებიან ჩინოვნიკები და ღარიბდება ქართველი ხალხი.”-ამბობს მამუკა ბიბილეიშვილი.