ნორვეგიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხრეთ ნორვეგიაში რისავიკას ყურეში, წინა დღით მამა-შვილმა, რომლებიც თევზაობდნენ, მკვდარი თეთრი ვეშაპი იპოვეს.

თეთრი ვეშაპის შესახებ, რომლის სახელი იყო ჰვლადიმირი, პირველად ცნობილი გახდა 2019 წლის აპრილში, როდესაც ჩრდილოეთის ინგოიას კუნძულთან წყლებში გაურკვეველი საყელოთი აღმოაჩინეს, რამაც წარმოშვა ჭორები იმის შესახებ, რომ ის შეიძლება კრემლის ჯაშუში ყოფილიყო.

მკვდარი ვეშაპი წყლიდან ამოიყვანეს და შემდგომი შესწავლისთვის ახლო მდებარე ნავსადგომში გადაიყვანეს.

„სამწუხაროდ, ჩვენ ჰვლადიმირი წყალში მოტივტივე აღმოვაჩინეთ. ის მკვდარია, თუმცა მიზეზი ჯერჯერობით გაურკვეველია”, – აცხადებს საზღვაო ბიოლოგი სებასტიან სტრენდი, რომელიც ჰვლადიმირს ბოლო სამი წლის განმავლობაში აკვირდებოდა. მან ასევე დასძინა, რომ ვეშაპს რაიმე სახის სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

4-მეტრიანი და 1225-კილოგრამიანი ვეშაპი, რომელსაც საყელო ეკეთა, პირველად 2019 წლის აპრილში მეთევზეებმა შენიშნეს. საყელოზე თითქოს მცირე ზომის კამერა ეკეთა, ხოლო ბალთაზე წარწერა ჰქონდა „სანქტ-პეტერბურგის ტექნიკა“.

ამ შემთხვევამ კი წარმოშვა ჭორები და ბრალდებები, რომ თეთრი ვეშაპი ჯაშუში იყო. ექსპერტების თქმით, ცნობილია, რომ რუსეთის საზღვაო ფლოტი სამხედრო მიზნებისთვის ვეშაპებს წვრთნის.

წლების განმავლობაში თეთრ ვეშაპს ნორვეგიის სანაპიროებთან ხედავდნენ. არასამთავრობო ორგანიზაცია Marine Mind-ში აცხადებენ, რომ ჰვლადიმირი ძალიან ინტერესდებოდა ადამიანებით და რეაგირებდა ხელის მოძრაობაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ დაკვირვებაზე დაყრდნობით, როგორც ჩანს, ჰვლადიმირი ნორვეგიაში მოხვდა რუსეთის ტერიტორიული წყლებიდან, სადაც ის, სავარაუდოდ, დატყვევებული ჰყავდათ.

წყარო: "ევრონიუს ჯორჯია"